დღეს სამოქალაქო მისაღები თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ასევე, სამოქალაქო მისაღების პირველი სტუმრები “ჯარის მეგობართა საზოგადოების” წარმომადგენლებიც იყვნენ.
“ეს არის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების ახალი სახე, რომლითაც მას ურთიერთობა ექნება საზოგადოებასთან.
ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა ვხვდებოდეთ, ვიღებდეთ და პასუხს ვცემდეთ ყველა დაინტერესებულ პირს. ასევე, მისაღები სპეციალურად მოწყობილია ბავშვებისთვის, სამხედროების ოჯახებისთვის, რომელთაც კონკრეტული მოთხოვნა აქვთ, ისინი მოვლენ და აქ მიიღებენ სრულ მომსახურეობას. ასევე, სპეციალური ოთახია გამოყოფილი მინისტრის მოადგილისთვის, რომელიც ყოველდღე ერთი საათის განმავლობაში ადგილზე იქნება და გასცემს პასუხს საზოგადოების წარმომადგენლებს, სამხედროების ოჯახის წევრებს და დაეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში,“ _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამოქალაქო მისაღებში მოქალაქეებს თავდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მოემსახურებიან. პერსონალმა მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური გადამზადება გაიარა. თავდაცვის უწყების სამოქალაქო მისაღების ფუნქციებშია: მოქალაქეთა წერილების ჩაბარება, აღრიცხვა, გადამისამართება; მოქალაქეთა მოთხოვნებზე დროულად რეაგირების ზედამხედველობა; მისაღების თანამშრომლები მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალურ საკითხსა და მათი გადაჭრის გზებზეც გაუწევენ კონსულტაციებს. სამოქალაქო მისაღების პროექტი თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალე და ღია პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.