– თემურ ქეცბაიას გუნდმა ოქტომბერთან შედარებით ერთი პოზიციით გაიუარესა მდგომარება და ახლა 101-ეა. ერთი წლის წინ, 2012 წლის ნოემბერში ჩვენი გუნდი 481 ქულით 73-ე ადგილზე იყო. ამ ინფორმაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რეიტინგის მოწინავე ათეულში დაბრუნდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ფიფას ოქროს თასის კარსმომდგარი გათამაშების მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები – ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა ნოემბერში ორი ამხანაგური მატჩი მოიგო და 1102 ქულით მეათე საფეხურზე დამკვიდრდა. მეხუთე პოზიციამდე აღზევდა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფში შვედეთის ნაკრების მძლეველი პორტუგალია. საგულისხმოა, რომ რეიტინგის პირველ ოცეულში უკრაინა ერთადერთია, რომელმაც ბრაზილია 2014-ის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა – ექსსაბჭოელები 907 ქულით მე-18 ადგილზე არიან.
ფიფა/კოლა-კოლას რეიტინგს 1507 ქულით კვლავ ესპანეთის ნაკრები ლიდერობს. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა წლის პირველ პოზიციაზე დასრულება გაინაღდა (მეექვსედ) და ბრაზილიის ნაკრების რეკორდს მიუახლოვდა: 1994-2000 წლებში სელესაომ ასეთი რამ ზედიზედ შვიდჯერ მოახერხა.
რეიტინგი 1993 წლიდან დგება და მას შემდეგ წლის პირველ ადგილზე დასრულება მხოლოდ ხუთმა გუნდმა შეძლო: ბრაზილიამ (12-ჯერ), ესპანეთმა (6-ჯერ), გერმანიამ, საფრანგეთმა და არგენტინამ (თითოჯერ).
ფიფა/კოკა-კოლას მომდევნო რეიტინგი 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.