“ბატონო ირაკლი, ნუ მოუწყობთ თქვენს მთავრობას ხარაკირს, უარი თქვით ე. წ. რეგიონალიზმზე – რაც პირველი ნაბიჯია ფედერალიზმისა და რეგიონალური ენების შემოღებისაკენ… ქვეყნის დასუსტება და დაშლა-დანაკუწებისაკენ!!! ბატონო ირაკლი, მართალია არ ვარ თქვენი კოალიციის ამომრჩეველი (აქვე ვაფიქსირებ, რომ არც არასდროს არ ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი), იდეოლოგიურად კატეგორიულად მკვეთრად გამიჯნული გახლავართ რესპუბლიკელების პარტიის იდეოლოგიისაგან და სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას ვგმობ, ოკუპანტი რუსეთისადმი პოლიტიკის შერბილებაც გაუმართლებლად მიმაჩნია და ა. შ. მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი ხელისუფლების, რომლის ლიდერიც ახლა თქვენ ხართ კონსტიტუციით, კრახი ნამდვილად არ გვაწყობს, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემს მეგობრებს, ვინაიდან ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება გამოსწორდეს შეცდომები, – არ შეიცვალოს ევრო-ატლანტიკური კურსი, ქვეყანა ამოვიდეს სოციალური გაჭირვებიდან, შევინარჩუნოთ არაღიარების პოლიტიკა და დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, და რაც უმთავრესია, დაცული იქნას ქართული იდენტობა ფსევდო-ლიბერალური და რადიკალური შემოტევებისაგან, – ვიდრე ქვეყანა ჩავარდეს ქაოსში.
ახსნა-განმარტებას, თუ რატომაა დამღუპველი რეგიონალიზმი, “რეგიონების საბჭოები”, აქ არ შევუდგებით. ალბათ თქვენც მოგეხსენებათ რა საფრთხეებია, რა რისკებია და დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც გაგაფრთხილათ, თან ყველაფრის ხმამაღლა თქმაც არ შეიძლება… ბატონო ირაკლი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ თქვენს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა, ყველა მიმართულებით… მათ შორის კადრების საკითხშიც, მაგრამ გთხოვთ გადადგით ვაჟკაცური ნაბიჯი და უარი თქვით რეგიონალიზაცია-ფედერალიზაცია-რეგიონულ ენათა შემოპარებაზე!!!
გთხოვთ, ნუ გარისკავთ, ნუ უბიძგებთ ქვეყანას ახალი რყევებისაკენ! ეს უკვალოდ არ ჩაივლის და არეულობებიც მოსალოდნელია, რადგან ქართველი ხალხი არ შეურიგდება ამას! ნუ გარისკავთ, სადაც რისკი გაუმართლებელია, ძალიან სახიფათოა, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე თქვენი სახელისათვის მომავალი თაობების წინაშე!”