“საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე მუშაობას. 11 დეკემბერს ბრალი წარუდგინეს ნუგზარ ბუჩუაძესა და შოთა სინაურიძეს. ნუგზარ ბუჩუაძეს ბრალად ედება ქურდული სამყაროს წევრობა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა და 117-ე მუხლით. ხოლო შოთა სინაურიძეს – ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 125-ე და 117-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 13 წლამდე.
ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ 10 დეკემბერს ბრალი წარუდგინა გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანსა და თეიმურაზ გურეშიძეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.
პროკურატურა კვლავ აგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პერიოდულად გაავრცელებს ინფორმაციას,” _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.