და მოითხოვენ ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებას. ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ეცნობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს.
“მოგესალმებით!,ბატონო მინისტრო!
მოგახსენებთ, რომ ამჟამად ჩოხატაურის რაიონში შპს “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” სამსახურში მედ-პერსონალის ეკონომიურ-მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გვინდა გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება ჩვენი პროფესიული საქმიანობის, დაკისრებული მოვალეობის, პასუხისმგებლობისა და სახელფასო ანაზღაურების შეუსაბამობის შესახებ. მოგახსენებთ, რომ დედაქალაქში გადაუდებელ სამედიცინო სამსახურებში მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიური პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, რისთვისაც გულწრფელად მადლობას გიხდით სრულიად რეგიონების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედ-პერსონალი.
მიუხედავად რთული გეოგრაფიული რელიეფის პირობებში მუშაობისა, ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს რწმენა, რომ ჩვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდებოდა (ეკონომიური, მატერიალურ-ტექნიკური). თუმცა, 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო ჩვენი ისედაც მიზერული სახელფასო ანაზღაურების განახევრება. კერძოდ, ექიმის თვიური სახელფასო 360 ლარი განახევრდა 180 ლარამდე, ხელფასის შემცირება შეეხო ექთნებსა და ტექ-პერსონალს. სიტუაციის გარკვევა რამდენჯერმე ვცადეთ შპს “გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის” ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის და მაჟორიტარი დეპუტატის დონეზე. შედეგად მივიღეთ დაპირება ჩვენი პრობლემის თქვენამდე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოტანამდე.
შემდეგ გამოვხატეთ პროტესტი გამაფრთხილებელი აქციის სახით. თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო გადაუდებელი სერვისი არ შეწყვეტიათ. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, შპს “გადაუდებელიმა სამედიცინო სამსახურმა” სექტემბრიდან დაიწყო სასამართლო დავა სადაზღვევო კომპანია “ალფას” წინააღმდეგ, რომელიც 29 ნოემბერს დასრულდა შპს “გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის” სასარგებლოდ,.თუმცა, სახელფასო დავალიანების დაფარვა არ მოხდა და გაურკვეველი რჩება, რა გარემოებების გამო ვერ ხდება აღნიშნული დავალიანების დაფარვა, გაგრძელდება თუ არა კვლავ სასამართლო სააპელაციო პროცესები და რა ვადაში დასრულდება აღნიშნული დავები.
2013 წლის 3 დეკემბერს მორიგე ექიმებმა განცხადება გავუგზავნეთ შპს “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” გენერალურ დირექტორს ბატონ კახაბერ ჩიხლაძეს და ვთხოვეთ სრულიად დაეფარა ჩვენი სახელფასო დავალიანება, არ უგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე,. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვეთ ბრძანებით ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება 2014 წლის 1 იანვრიდან, რაც უკვე დავადასტურეთ ხელმოწერებით.
ბატონო მინისტრო! ჩვენ გვჯერა თქვენი მხარდაჭერისა და გულისხმიერების, სამართლიანობის აღდგენაში თქვენი დახმარების. გთხოვთ, მიიღოთ პრევენციული ღონისძიებები, რათა ჩვენი ეს იძულებითი და უკიდურესი მოქმედება არ გახდეს 2014 წლის 1 იანვრიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო სერვისის შეწყვეტისა და ჩვენი უმუშევრობის მიზეზი.
4 დეკემბერი 2013 წელი.”
განცხადებას ხელს აწერს 12 ექიმი.
ამ ყველაფერს წინ უსწრებდა სექტემბერში პროტესტი გამაფრთხილებელი აქციის სახით, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.
ჩვენ დავუკავშირდით შპს “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” გენერალურ დირექტორს კახაბერ ჩიხლაძეს, რომელმაც გვიპასუხა, რომ მათ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი სადაზღვევო კომპანია “ალფას” წინააღმდეგ: “სასამართლო პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდა შპს “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” სასარგებლოდ.”
მიუხედავად ამისა, სახელფასო დავალიანების დაფარვა, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ხდება. ადგილობრივი ხელისუფლება, მართალია, საქმის კურსშია, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
ჩვენ მოსახლეობაში ჩავატარეთ გამოკითხვა, რა მოხდება, თუ მათ სამსახურში აღარ იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ნინო, 38 წლის: _ როგორ ფიქრობთ, ის ვინც ეს კითხვა დასვა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ მოგვემსახურება, ის სრულფასოვანი ადამიანია?
ელენე, 48 წლის: _ ვითომ სხვა გასაჭირი გვაკლდა!
გიორგი, 72 წლის: _ ეს ერთი ნათელი წერტილი ჰქონდათ “ნაციონალებს” და “ოცნებამ” ისიც ვერ შეინარჩუნა?
დიმიტრი, 45 წლის: _ ხმა მისცეს თავისუფლებას, კეთილდღეობას, სამართლიანობას და პასუხიც მათ მოთხოვონ.
სოსო, 41 წლის: _ ჩვენ რა შეგვიძლია? გვითხრან და ქუდზე კაცი გამოვა
მერი, 62 წლის: _ მთლად უპატრონოდ გვტოვებენ? ქარი ამოვარდება და სინათლე ჩვენთვის არაა, თოვლი მოვიდა და გზები გაუწმენდავია, შეშის პრობლემაც რომ არ არის გადაჭრილი, ცხადია, სამედიცინო მომსახურება დარჩა და ისიც გააუქმონ.
ალექსანდრე, 70 წლის: _ წელს ბახმაროში შვილიშვილები მყავდა წაყვანილი. ერთი ავად გამიხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი რომ არ მომშველებოდა, რომელმაც მთელი ღამე ბავშვის საწოლთან გაატარა, ოჯახი დამექცეოდა. ასეთ ხალხს უხელფასოდ და უსამსახუროდ ტოვებენ?!
ჩვენ ეს გამოკითხვა 9 დეკემბერს ჩავატარეთ, მაშინ, როცა გურიაში დიდი თოვლი მოვიდა, გზების გაწმენდა ვერ მოხერხდა და მაშინ, როცა მთელ მუნიციპალიტეტში შუქი არ არის და ვერც იმას გვეუბნებიან, როდის იქნება; მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად დადის, მაშინ, როცა სახლებიდან სანთლების საყიდლად ხალხი იძულებით გამოდის და სანთლებსაც ვერ შოულობს, რადგან ჩოხატაურის მაღაზიებში სანთლის მწვავე დეფიციტია!!!
და ამ დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მედპერსონალი ხელფასს ვერ იღებს!!!