28 წლის თელაველი ანა ჩხეტიანი “გურია ნიუსთან” იხსენებს როგორ აღმოჩნდა ქუჩაში, შემდეგ კი თავშესაფარში.
“ვათენებდი ქუჩაში. ვაგზალზე. უკვე მე-4 დღეა აქ ვარ. პატრულმა მომიყვანა. მყავს დიაბეტით დაავადებული დედა, ძმები და დები. მაგრამ, ჩემი ძმები სახლში არ მიშვებენ. ჩვენ ვერ შეგინახავთ. არ გვაქვს საშუალება. შენ შენს თავს უნდა მიხედო. მთელი ზამთარ-ზაფხულ ვაგზალზე ვათენებდი. არ მიმათხოვრია. მე მეყავეებთან ვიყავი და ისინი მეხმარებოდნენ. ნათესავები არ მიშვებენ. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი მისული დებთან. ისინი ქირით ცხოვრობენ და მითხრეს _ ნუ მოდიხარ, შენი ადგილი არ გვაქვსო.”
27 წლის ვასიკო სამხარაული ანასგან განსხვავებით უპატრონოა. წლებია ღამეს ქუჩაში ათენებს. “მშობლები არ მყავს. გლდანულაში ვცხოვრობდი. ბინა დავკარგე. ახლა კი თავშესაფარში მოვედი. ამის შემდეგ, რა იქნება არ ვიცი”, _ განაცხადა სამხარაულმა.
დავით ფეიქრიშვილი მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად 2 დღეა მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობს. 1 შვილი გულის მანკით არის დაავადებული.
“დუშეთიდან ვარ. აქ ლოტკინზე ქირით ვცხოვრობდით, რომელსაც გაჭირვებით ვიხდიდით. თავი ძლივს გაგვქონდა. ბავშვები 190-ე სკოლაში დადიოდნენ. წლებია დამატარებენ. ხან სად ვწერ განცხადებას. ხან სად. 3 წელია დახმარებას ვითხოვ. ერთი წლის წინ დამიბარეს, განცხადება დაწერეთ, ბინები უნდა მოგცეთო. ჩემი ოჯახი დატოვეს და ისეთ ხალხს მისცეს ვისაც არ ეკუთვნოდა. 5 შვილით ქუჩაში ვარ. ბინის ქირას ვერ ვიხდი. ძლივს გაგვაქვს თავი. ახლა აქ მოვედით. ძალიან მძიმე სიტუაცია მაქვს. წარმოშობით დუშეთის რაიონიდან ვარ. ბატონი დავით ნარმანია შეგვპირდა, დაგეხმარებით დუშეთში დაგაბინავებენ ჩემი სახლი მექნება. დავბარავ და მოსავალს მოვიყვან. იმედი მაქვს პირობას შეასრულებს.”









































































