_ ბატონო გიორგი, პირველ რიგში, ოზურგეთის საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ – საუბარია, რომ თქვენი მოადგილეები შეინარჩუნებენ ადგილებს. კონკრეტულად გვაინტერესებს ქალბატონი ლელა თავართქილაძის შესახებ, დარჩება თუ არა ის თავის პოსტზე, თუ გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი გახდება?
_ სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ და ქალბატონ ლელას პირადად მე ჩემს მოსაზრებას, რეალურად რა გადაწყვეტილება მაქვს მიღებული მასთან დაკავშირებით, ვუშვებ თუ ვტოვებ, არ გავაცნობ, მანამდე უხერხულია პრესიდან გაიგოს ამის შესახებ. ორშაბათს იქნება ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და მაშინ გავაკეთებ ოფიციალურ კომენტარს. რაც შეეხება პრესსამსხურის უფროსობას, ასეთი შტატი გუბერნიაში არ არის, არ არსებობს, ეს იყო ადრე შეთავსებით, რომელსაც მოადგილე ითავსებდა, ჩემთვის ეს მიუღებელია, იმიტომ, რომ მოადგილეს იმდენი სამუშაო აქვს, პრესსამსახურისთვის არ უნდა ეცალოს. ეს შტატი ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, ამიტომ ქალბატონი ლელა პრესსამსახურის უფროსი ვერ გახდება. ეს ინფორმაცია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სიმართლეს არ შეესაბამება.
_ ანუ, ორშაბათიდან გუბერნიაში საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
_ სავარაუდოდ ორშაბათიდან საკადრო ცვლილებების გახორციელება დაიწყება. ჩემი სამივე მოადგილე თავისი რაიონის წარმომადგენელი იქნება და დამიჯერეთ ღირსეული კადრები იქნება შერჩეული. ასევე, დადგენილია გუბერნიის რეორგანიზება. ისედაც ხდება გადანაწილება, ცვლილება, შტატების შემცირება ავტომატურ რეჟიმში და ამის გარდა კანონით დადგენილი წესით თანამშრომლების დამტკიცება გუბერნატორის მხრიდან აღარ მოხდება, კადრების შერჩევა იქნება კონკურსის წესით. ეს ახალი პრინციპი გამგეობასა და საკრებულოშიც გახორციელდება, რომელიც გამჭვირვალე იქნება.
_ ბატონო გიორგი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ დავალებული გქონდათ, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლებისთვის, რომ მათ დაეწერათ განცხადებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ…
_ დავალებული ნამდვილად არაფერი არ მაქვს. ამას მოსახლეობა მალე ნახავს. მე ცვლილება უნდა განმეხორციელებინა, თუმცა გამგებლების გათავისუფლება ჩემი ფუნქცია არ არის, ამის ფიზიკური ბერკეტი არ გამაჩნია. მე განვახორციელებ მონიტორინგს პირველ ეტაპზე, გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას, რომელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში რა დარღვევებია. ამის შემდეგ მოსახლეობის რჩეული საკრებულო გადაწყვეტს ამას.
_ ამ ეტაპზე ფლობთ თუ არა რაიმე სახის ინფორმაციას დარღვევებთან დაკავშირებით რომელიმე გამგებლის მისამართით?
_ სამ დღეში ფიზიკურად გამორიცხულია რომ ყველა ინფორმაციას ვფლობდე, აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, ნელ-ნელა ვიღებ ინფორმაციებს, რასაკვირველია, სახარბიელო სიტუაცია გურიის არც ერთ მუნიციპალიტეტში არაა, ეს ნათელია, ეს არავისთვის დასამალი არ არის, აქედან გამომდინარე წინასწარ, სანამ სრულად არ შევისწავლი მათ საქმიანობებს ყველა თემასთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ცვლილებები რომ გასახორციელებელია, ეს ცხადია.
_ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თქვენს მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომ განცხადება დაეწერა გათავისუფლების შესახებ, უარი განაცხადა და თქვა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.
_ როგორც ასეთი, განცხადების დაწერა არავისთვის არ მომითხოვია. უბრალოდ გვქონდა საუბარი ამაზე, გავიარეთ ეგ თემა ერთად, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მას მისი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შარაშენიძის ორივე მოადგილეს განცხადებები აქვთ დაწერილი, რომელიც თავისი ნებით გააკეთეს. მათ ეს განცხადებები ჩაბარებულიც აქვთ, თუმცა მე ჯერ ამაზე რეაგირება არ გამიკეთებია, აქედან გამომდინარე, თუ ეს ჩემი მოთხოვნა იყო, მე უკვე რეზოლუცია დადებული მექნებოდა.
_ შარაშენიძე არაოფიციალურად საუბრებში აღნიშნავს, რომ მას თქვენი მოსვლით “დალაგებული სიტუაცია აერია”…
_ ეგ ხალხს მივანდოთ. სამწუხაროდ გასარკვევია, ჯერ რამდენად დალაგებული სიტუაცია იყო, მე რამდენად შემეძლო “არევა” და მით უმეტ რამდენად “ავრიე”.
_ თქვენთვის უმთავრესი თემა ამ წუთისთვის რა არის?
_ ეს არის ბიუჯეტის თემა, რომელიც სამწუხაროდ უკვე დასამტკიცებლად არის გადაგზავნილი. რომლის ცვლილებაც უკვე ფიზიკურად არ შეიძლება, მე რაც შემიძლია ისაა, რომ დალაგებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე ვიმოქმედო, ეს არის ჩემი პირველადი ამოცანა. არ მინდა წარსულზე ვისაუბრო, არამედ პირიქით დავგეგმო მომავალი, რადგან 1 იანვარი უკვე რამდენიმე დღეშია.
_ ფლობთ თუ არა ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ოზურგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ა.ა.ი.პ-ში შპს “სერვისცენტრში”, თანამშრომლებს არ ურიგდებათ ხელფასები…
_ არ ვიცი, თუმცა აუცილებლად მოვიკითხავ. ეს როგორ შეიძლება. გამორიცხულია, ამაზე კონტროლს გუბერნია ახორციელებს გუბერნატორის სახით, აქედან გამომდინარე მასეთ ფაქტზე მექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ამ პრობლემის დამალვა არ შეიძლება. მე რაც ინფორმაცია მომაწოდეს ოზურგეთის გამგეობიდან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ არცერთ თანამშრომელს ხელფასის პრობლემა არ აქვს.
_ ბატონო გიორგი, ფლობთ თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კარიერებს თქვენ?
_ მე პირადად არა. შეხება მაქვს. ეს არის ჩემი ნათესავის, მამაჩემის ბიძაშვილის, დავით მგელაძის. რომელიც ფლობს კარიერს ოზურგეთში. მაქვს ძალიან ბევრი ბიზნესი გურიაში, თუნდაც გრიგოლეთში “ყვავილნარი” ჩემი საკუთრებაა. დასამალი არაფერი არ მაქვს.