გურიიდან წასული ისევ გურიაში დავბრუნდი. ვემსახურო ჩემს მხარეს _ ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.
გურიის რეგიონი ხელისუფლების მხრიდან ყურადღებით არასდროს ყოფილა განებივრებული, რის გამოც ვერ მოხერხდა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახლა სწორედ გურიის ყველა სატკივრის მიხედვის დროა _ თითოეული საკითხი ჩემი და თქვენი უშუალო მონაწილეობით უნდა მოგვარდეს.
იმ დიდი გამოწვევის საპასუხოდ, რაც რეგიონის პირველ პირს ახალმა ხელისუფლებამ დამაკისრა, პირველ რიგში, თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. ჩემი იმედიც გქონდეთ, ხალხო! ჩვენ ერთად შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, ინფრასტურუქტურის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, ადამიანების დასაქმებას, რეგიონის სოციალური დონის ამაღლებას, რათა გაჭირვებულ გურიას ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ _ არა!
მოდით, ერთად ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რა შემიძლია გავაკეთო, როგორც გუბერნატორმა რეგიონისთვის, არამედ იმაზეც, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ თქვენთაგანს ჩვენი მხარისთვის. მხოლოდ საერთო ძალისხმევით მოხერხდება კვლავ “სიცოცხლის სამოსახლოდ”ვაქციოთ, კვლავ დავუბრუნოთ ხალასი იუმორისა და კრიმანჭულის განწყობა საქვენოდ განთქმულ გურიას.
ჩემი მიზანი არ არის, ვიყო წარმატებული გუბერნატორი _ ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული მხარის გუბერნატორი და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევ!
იმედი მაქვს, ახალი წელი მოიტანს სტაბილურობას, სიმშვიდეს, როგორც თქვენს, ისე ჩემს ოჯახში, რომელმაც გურიის, ჩემი “ადგილის დედის “სიყვარული ბავშვობიდან ჩამინერგა.
ვისურვებდი, 2014 წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის სამოქალაქო სიმშვიდის, გამთლიანების, ეკონომიკური აღმავლობის, საგარეო გამოწვევების მიმართ კეთილგონივრული მზაობის, ევროპულ ფასეულობებზე შეუქცევადად გადასვლის წელი.
გისურვებთ ღვთის წყალობას, სულის სიმხნევეს და დიდ სიყვარულს.
არ დაგეკარგოთ საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის იმედი!
პატივისცემით,გიორგი ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი
(R)