“2014 წლის 4 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული ლევან კახნიაშვილი ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული, მას რამდენჯერმე გაუკეთდა ოპერაცია და შემდეგ მკურნალობდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში. მედიასაშუალებასთან საუბარში ოჯახის წევრების აცხადებდნენ, რომ მის შესახებ ინფორმაცია დაბლოკილია და მის გადაყვანას N19 დაწესებულებაში მოითხოვენ.
აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. სამედიცინო დეპარტამენტმა არაერთხელ მიაწოდა ცნობები ოჯახის წევრებს. ამჯერად კი თავად პაციენტის წერილობითი თანხმობით ვავრცელებთ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას: ლევან კახნიაშვილს წარსულში ტუბერკულოზზე ჩაუტარდა სრულყოფილი მკურნალობა და ამჟამად ის ტუბერკულოზით არ არის დაავადებული. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებული ითხოვდა ტუბერკულოზის მკურნალობას ქირურგიული მეთოდებით, რაც სამედიცინო ჩვენებას ეწინააღმდეგება და ეს არაერთხელ განემარტა კიდეც. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ო.ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა მუსიკალური ფაილების გამშვების (MP3 ფლეიერი) გადაყლაპვის გამო. პენიტენციური სისტემის და ღუდუშაურის ცენტრის ექიმებმა მსჯავრდებულს დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი ცენტრიდან გაეწერება. მისი გადაყვანა მოხდება ამბულატორიულ მკურნალობაზე სასჯელაღსრულების სისტემაში. იგი N6 დაწესებულებაში სამკურნალოდ განთავსებული არ ყოფილა – მითუმეტეს ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
სამინისტრო შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში პატიმართა ჯანმრთელობის შესახებ მარტივი, სენსაციური და ხშირად დაუზუსტებელი სიახლეების გავრცელებით, რაც არღვევს პაციენტის უფლებას პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობაზე. ამგვარი პრაქტიკა ემსახურება სამედიცინო სფეროს დისკრედიტაციას. იმედი გვაქვს ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეაფასებენ,” _ ნათქვამია განცხადებაში.