2012 წლის აგვისტოში, სსიპ “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის” მიერ განხორციელებული სტუდენტური დასაქმების პროგრამა აგვისტოს თვეში სტუდენტების სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებას ითვალისწინებდა. დასაქმებული პირების შრომით ანაზღაურებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიდა. პროგრამის ფარგლებში 22.8 ათასი სტუდენტი დასაქმდა და შესაბამისად ბიუჯეტიდან 11,367.38 ათასი ლარი გადაირიცხა.
სამმხრივი შრომითი ხელშეკრულებება ( დასაქმებული, დამსაქმებელი და პროგრამის განმახორციელებელი) დამსაქმებელი კომპანიისაგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს წერილობითი ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შემოწმებისა აღმოჩნდა რომ უწყებას საერთოდ არ გააჩნდა ანგარიშები 5,7 ათას დასაქმებულზე, რომლებსაც ანაზღაურების სახით მინიმუმ 2 მლნ. 741 ათასი ლარი გადაერიცხათ.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში განათლების სამინისტროს მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და კანონდარღვევით ჩატარებული შესყიდვების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიული კოლეჯისა და გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა იწვევს. დიმიტრი შაშკინმა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ისე აქცია სამშენებლო პოლიგონად, რომ მეპატრონეებისთვის არაფერი უკითხავს.
სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შ.პ.ს. “ანაგისგან” შესყიდულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის საერთო ღირებულება განისაზღვრა 11,507.59 ათასი ლარით. ხელშეკრულება გაფორმდა ისე, რომ სააგენტოს არ შეუდგენია სამშენებლო ობიექტის პროექტი და
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. ასევე ობიექტის მშენებლობა დაიწყო შესაბამისი ნებართვის გარეშე.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ვლინდება, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა განხორციელდა შპს “ველაჯიოს” საკუთრებაში არსებულ მიწაზე. აქედან გამომდინარე, მშენებლობა განხორციელდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო
საკუთრებას და რომელიც არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის სარგებლობაში, რითაც მოხდა კერძო საკუთრების ხელყოფა.
გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა
სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ გამარტივებული შესყიდვით, შპს “ანაგისგან” შესყიდულია საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 6,554.36 ათასი ლარით. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 24 მაისს, მაშინ როდესაც აუზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2012 წლის თებერვალში, რაც დასტურდება ფარული სამუშაოების აქტებით.
აქედან გამომდინარე, სამუშაოები დაიწყო მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტში მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, არ იყო სამინისტროს მფლობელობაში: ნაწილი ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს, ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობას. ტერიტორიის ნაწილი უზუფრუქტით გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის მარტში, მშენებლობის დაწყების შემდეგ. 2012 წლის 3 ოქტომბრისთვის საცურაო აუზთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილი დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული ფართი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობები უზუფრუქტით 5 წლის ვადით გადაეცა ქალაქ თბილისის მერიის 100%–იან წილობრივ მფლობელობაში არსებულ შ.პ.ს. “გლდანის საცურაო აუზს” სააგენტომ სამშენებლო სამუშაოები განახორციელა მესაკუთრეების ინფორმირების და თანხმობის
გარეშე. ასევე მშენებლობა დაიწყო და განხორციელდა მშენებლობის ნებართვის გარეშე. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ჰქონდა საექსპერტო შეფასება. 2012 წლის 24 ოქტომბერს, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა
დადებითი რეკომენდაცია აუზის საპროექტო დოკუმენტზე, მაშინ როდესაც აუზზე სამუშაოები დასრულებული იყო.
აუზის მშენებლობა არ იყო გათვალისწინებული წლიური შესყიდვების და სამოქმედო გეგმებში , რომლის ასახვა მოხდა დაგვიანებით, მშენებლობის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში.
განათლების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გუშინ განთავსდა.