ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა მორიგი სპეციალური კვლევა ჩაატარა და საზოგადოებას მორიგი სავალალო სურათი გადაეშალა თვალწინ. რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია. პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის პროდუქტი არ არის.
ორგანიზაციის ცნობით, ფალსიფიცირებულია: “სანტე ჯიემთი პროდუქტების” წარმოებული “არაჟანი ექსტრა სანტე 15%”; “სანტე ჯიემთი” პროდუქტების წარმოებული “მაწონი ექსტრა სანტე 3.2%”; “სანტე ჯიემთი პროდუქტების” წარმოებული “ხაჭო სანტე 6%”; “სანტე ჯიემთი პროდუქტების” წარმოებული “სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3.5%”; “ჯორჯიან ეკოს” წამოებული “ხაჭო ეკო-ფუდი 9%”; “ჯორჯიან ეკოს” წამოებული “მილკო ფუდი არაჟანი 15% 1ლ”; “ნატურალ პლუსის” მიერ წარმოებული “ხაჭო”; “ნატურალ პლუსის” წარმოებული “არაჟანი 15%”; “ნატურალ პლუსის” წარმოებული “არაჟანი 25% სვანური 1 ლ”; “ვიმ-ბილ-დან” საქართველოს წარმოებული “მაწონი მე მარგო 15%”.
აღსანიშნავია, რომ “სანტე ჯიემთი პროდუქტის” მიერ მოწყობილი მედიატურის ფარგლებში კომპანიისა და საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის წარმომადგენელმა ისაუბრეს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი კვლევის რეალობასთან შეუსაბამობაზე.
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ერეკლე გამყრელიძემ “გური ნიუსთან” აღნიშნა, რომ სტრატეგიული კვლევების და განვითრების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მასალა დეზინფორმაცია იყო და მათ კვლევა ობიექტურად არ ჩაუტარებიათ.
“ობიექტურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს იყო მიკერძოებული ინფორმაცია, ზოგადი კვლევა, რომელიც დამაბნეველ ინფორმაციას შეიცავდა და მომხმარებელს დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, კომპანიას ზიანი არ განუცდია, მაგრამ ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ მოგვეწყო მედიატური და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა.
როდესაც საუბრობენ ფალსიფიცირებაზე, აქ აუცილებელია ყველას ვუთხრათ, რომ გასულ წელს სანტემ 8 მილიონი ლიტრი რძე ჩაიბარა გლეხებისგან, რაც ნიშნავს, რომ მათ ჩვენი კომპანიისგან 8 მილიონი ლარი მიიღეს.
ჩვენი კომპანია ყველანაირ კანონს ექვემდებარება და ფალსიფიკაცია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, უადგილო იყო. ჩვენს ეტიკეტზე ყველანაირი ინფორმაცია დატანებულია. გვინდა ყველა ასეთი ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაცია გავაფრთხილოთ, რომ მომავალში ასეთი სუბიექტური ინფორმაციის გავრცელებაზე მკაცრი რეაგირება გვექნება”, _ უთხრა “გურია ნიუსს” გამყრელიძემ.