საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს.
საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირისა და აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის გაზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის.
საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს.