სამართალმცდონე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ დაფუძნების დოკუმენტმა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხში სიცხადე შეიტანა:
_ ა(ა)იპ „მოქალაქე”-ს დაფუძნების დოკუმენტმა ყოფილი პრემიერის მოქალაქეობის საკითხში სიცხადე შეიტანა – დღეს იგი საქართველოს მოქალაქეა, ან საქართველოს მოქალაქე-ც არის.
ეგაა, რომ კითხვებიც გაჩნდა. როგორც ამომრჩეველთა ერთიანი სიის შემოწმებით დგინდება ყოფილ პრემიერს საქართველოს მოქალაქეობა გასული წლის 1 ნოემბრამდე, ჯერ ისევ კოჰაბიტაციისას, წინა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას დაბრუნებია.
ყოფილი პრემიერის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ დავებს რამდენიმე სასამართლო განიხილავდა, დავები დასრულებული არ იყო, ამდენად ან (ა) პრეზიდენტს უნდა მიენიჭებინა მოქალაქეობა; ან (ბ) პრეზიდენტს ბათილად უნდა ეცნო თავისივე 2011 წლის გადაწყვეტილება მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ; ან (გ) პრეზიდენტს, როგორც დავის მხარეს უნდა ეცნო სარჩელები; ან (დ) იუსტიციის მინისტრს და სამოქალაქო რეესტრს ბათილად უნდა ეცნოთ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებები; (დ) ყოფილმა პრემიერმა ისარგებლა ყოფილი პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 15 ოქტომბრის განკარგულებით, უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე (რადგანაც ამ განკარგულებაში მითითებული იყო, რომ ამოქმედდებოდა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე) და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა; ან (ე) ყოფილ პრეზიდენტს ცვლილება უნდა შეეტანა თავისსავე 2012 წლის 15 ოქტომბრის განკარგულებაში და მისი ამოქმედება არ დაეკავშირებინა საფრანგეთის მოქალაქობის შეწყვეტისთვის; ან (ვ) ცესკო-ს ვებგვერდი და ამომრჩეველთა ერთიანი სია იტყუება.
ეგაა, რომ გასული წლის ბოლოს “ფორბსისთვის” მიცემული ინტერვიუდან (24 დეკემბერი, 2013 წ.) ცოტა სხვაგვარი სურათი წარმოსდგება: “მე ამ დრომდე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს. მე ამ მოქალაქეობით ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუ ამ პერიოდის განმავლობაში მე საქართველოს მოქალაქეობას დამიბრუნებდნენ, არ მექნებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის უფლება. სააკაშვილმა აი ასე დაამახინჯა კონსტიტუცია. ახლა უზენაესი სასამართლო განიხილავს ჩემი მოქალაქეობის საკითხს და ვფიქრობ, დეკემბრის ბოლომდე აღმიდგენენ საქართველოს მოქალაქეობას. მთელი ჩემი ოჯახი რუსეთის მოქალაქეა. თუ საჭირო გახდება, მეც შემიძლია დავიბრუნო რუსეთის მოქალაქეობა. ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ არსებობს”
გამოდის, რომ 24 დეკემბერს ყოფილმა პრემიერმა არ იცოდა, რომ 1 ნოემბრამდე მოქალაქეობა აღდგენილი თუ მოპოვებული ჰქონდა და აღარც რაიმე დავას განიხილავდა უზენაესი სასამართლო?
არ ვიცი, არ ვიცი … ფაქტია, რომ ა(ა)იპ “მოქალაქე” საქართველოს მოქალაქემ დააფუძნა, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.