მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების განსხავავებულ რეჟიმს ადგენს საქართველოს მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოსკონსტიტუციის 21-ე მუხლს (საკუთრების უფლება) და მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება).
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრების უფლება გააჩნია ყველას, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქესაც, ხოლო სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, იგი გაუმართლებლად, საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის გარეშე ზღუდავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ფლობის, მათ შორის მემკვიდრეობით მიღების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წარსულში უკვე იმსჯელა სადავო ნორმის შინაარსის მსგავს ნორმაზე და მასში მოცემული აკრძალვა 2012 წლის 26 ივნისის N1/3/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისად, მოსარჩელე აყენებს შუამდგომლობას, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ სცნოს და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სადავო ნორმა.
ამასთანავე, მათიას ჰუტერი თვლის, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შესაძლოა მისი კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებით გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები, ამიტომაც იგი დამატებით აყენებს შუამდგომლობას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება.






































































