ნაკლებად მსუყეცაა და მოსაწონია მათთვის, ვინც გასუქებას უფრთხის. მომზადების ეს წესი ოცდახუთიოდე წლის წინანდელია. ხშირად ვაშლის ქადასაც ვეძახდით სტუდენტობისას. ახლახან ერთ-ერთი ტელევიზიით ვნახე ამ რეცეპტის, ჩემი აზრით, ცუდად შეცვლილი ვარიანტი _ მთელი ვაშლები ხინკლისებურად შეახვიეს ცომში. ადვილად მისახვედრია, მთელი ვაშლი, საშუალო ზომისაც კი (თუ პანტას არ ჩავთვლით), ცომში შეხვეული არც თუ მთლად პრაქტიკული მისართმევია.
გირჩევთ, “ვაშლის ქადა” გააკეთოთ შემდეგნაირად: ცომისთვის ავიღოთ ოთხი ჭიქა პურის ფქვილი, ერთი შეკვრა მარგარინი, ორი ჭიქა მაწონი, ჭიქანახევარი შაქარი, ვანილი, სოდა ძმრით. მაწონში ჯერ სოდა ჩავუშვათ, ავურიოთ, შემდეგ ჩავათალოთ დარბილებული მარგარინი, ვანილი, ფქვილი. ავზილოთ. თუ საჭიროდ ჩავთვლით, ცოტა ფქვილი დავუმატოთ. ცომი საშუალო სისქისა უნდა იყოს. დავდოთ ცალკე.
ვაშლი მოვამზადოთ ასე: ავიღოთ საშუალო ზომის ვაშლები, თითოეული გავჭრათ ოთხად, შუა ნაწილი ამოვასუფთავოთ და ვანილიან შაქარში თხლად ამოვავლოთ. თუ გვექნება, ორი ცალი ქიშმიში, შუა ადგილზე დავადოთ. ასე მომზადებული ვაშლის ნაჭრები დავალაგოთ ცალკე. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ და სიგრძივად, თვალის ზომით სამ ნაწილად დანით გავსეროთ, გავჭრათ. თითოეულზე დავალაგოთ ვაშლის ნაჭრები, რომელთა შორის ცოტა არე უნდა დავტოვოთ და გადავახვიოთ. შემდეგ კბილანებიანი საჭრელით დავყოთ (დანითაც შეიძლება), ნაპირა მხარეები კარგად შევუკრათ და ზემოდან გადავუსვათ ცოტა შაქარში კარგად ათქვეფილი კვერცხი. დავალაგოთ “ჟარონაზე” და შევდოთ ჰაერღუმელში. ცხვება საშუალო ტემპერატურაზე.
ვაშლის ასეთი ნამცხვარი ვარგისია რამდენიმე დღის განმავლობაში, ძალიან კარგია ჩაისთან ერთად. უხდება დემირა ვაშლი. ამიტომ შემოდგომაზე და ზამთარში მე ხშირად ვაკეთებ ასეთ “ვაშლის ქადას”.