_ ევროპის რიგით 24-ე ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა, (25-28 აპრილი) ქართველმა ფალავნებმა 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. (I ადგილი მოიპოვეს: ამირან პაპინაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა. II _ ნუგზარ ტატალაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ადამ ოქრუაშვილმა). ქართველებმა გუნდური შეჯიბრიც მოიგეს _ მათ რუსები დაამარცხეს 4:1.
ოთხი თვის შემდეგ, მსოფლიო პირველობას რიო-დე-ჟანეირომ უმასპინძლა. მართალია, ინდივიდუალურ ჭიდაობაში მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აიღეს ვერცხლის მედლები. თუმცა, 1 სექტემბერს მთელი საქართველოს გასახარად, ქართველებმა გუნდურ შეჯიბრების ფინალში ბერძნები დაამარცხეს.
ეროვნულ ნაკრებს არ ჩამორჩა ახალგაზრდული გუნდიც _ მათ ევროპირველობაზე 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდურ შეჯიბრშიც გაიმარჯვეს. იგივე გაიმეორეს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბერძნები დაამარცხეს 4:1. ამის გარდა, 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ჩამოიტანეს სლოვენიიდან.
თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ახალი სეზონი დაიწყო. 8-9 თებერვალს პარიზში, სეზონის პირველი და ყველაზე პრესტიჟული _ “დიდი მუზარადის” ტურნირი ჩატარდება, რომელსაც სპორტკომპლექსი “ბერსი” უმასპინძლებს.
საფრანგეთში საქართველოს ღირსებას 14 ძიუდოისტი დაიცავს: 60კგ _ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი; 66კგ _ შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი; 73კგ _ ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი; 81 კგ _ ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი; 90 კგ _ ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი; 100 კგ _ ალექსანდრე მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი; +100 კგ _ ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.
მცირე ტრავმის გამო მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადში არ შეიყვანა ლაშა შავდათუაშვილი _ ის 21-23 თებერვალს დიუსელდორფის გრანპრიზე იჭიდავებს. თუმცა, ლაშას წონის შეცვლა მოუწევს _ ის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.
იმედია, ეს წელიც ისეთივე წარმატებული იქნება ქართული ძიუდოსთვის, როგორც შარშანდელი.