“გურია ნიუსმა” მკითხველს ჯერ კიდევ გასულ წელს გააცნო აღნიშნული ხარჯების შესახებ: ორ დღეში _ 2013 წლის 8 და 9 ნოემბერს, ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ანსამბლ “რუსთავის” საკონცერტო მომსახურება “შატო მუხრანში” 3 835 ლარი დაჯდა; ანსამბლ “რუსთავის” საკონცერტო მომსახურება წინანდალში _ 6 785 ლარი; მუსიკოს ოთარ მაღრაძის საკონცერტო მომსახურება _ 1 875 ლარი; 10 ბოთლ ღვინოში 380 ლარია გადახდილი; უალკოჰოლო სასმელები და ღვინო _ 291.45 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან “ფუნიკულიორში” _ 2 730 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან “ფესვებში” _ 1 060 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან “ბოჰემა 2012-ში” _ 760 ლარი; სტუმრების დაბინავება სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” _ 2 121 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან “ფილინში” _ 201 ლარი; სტუმრების გადასაადგილებლად ვერტმფრენის დაქირავება _ 38 410 ლარი (იხილეთ სტატია).
აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი მიმდინარე წელსაც სოლიდური თანხა დაჯდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს “ავიაკომპანია თუშეთთან” საჰაერო ხომალდით მომსახურებაზე ხელშეკრულება 30 იანვარს გააფორმა.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული სამინისტროს MI8 ტიპის საჰაერო ხომალდის მომსახურება სლოვაკური კომპანიის “”J&T Financing Group“”-ის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით დასჭირდა.
ხელშეკრულების დანართის თანახმად, საჰაერო ხომალდით ერთი საათის ფრენის ღირებულება 3800 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
სამინისტროს სტუმრებისთვის შემდეგი რეისი აქვს განხორციელებული: თბილისი-გუდაური-გუდაურის მიმდებარე ტერიტორია (მცხეთა-მთიანეთის და ყაზბეგის მიმდებარე ტერიტორია).
ოთხსაათიან მომსახურებაში სულ 15 200 ამერიკული დოლარია გადახდილი.
გასულ წელს, სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა ბოლქვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ “წინასწარი შეთანხმებით, ინვესტიციების ოდენობა, რომელიც სლოვაკური კომპანიის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ, კი საქართველოს ცალკეულ საკურორტო ზონებში იქნება განხორციელებული, რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარითაა განსაზღვრული. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები არა მხოლოდ კონკრეტულ საკურორტო ზონებში, არამედ დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტში, საიდანაც ხორციელდება მთელი რიგი სოციალური ხარჯების გაწევა.”
ბოლქვაძე აკონკრეტებდა, რომ ვერტმფრენის დაქირავება, რომელშიც 38 410 ლარი გადაიხადეს, აუცილებლობას წარმოადგენდა.
“კომპანიის ხუთკაციანი დელეგაცია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ვერტმფრენით მართლაც იმყოფებოდა ზემოთ ჩამოთვლილ ტურისტულ ზონებში, რადგან წელიწადის იმ დროს ზოგიერთ მათგანში სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოხვედრა ძნელად წარმოსადგენია. მაგალითად, დიდველი-მიტარბის ტერიტორია ბორჯომის ხეობაში, ასევე ყაზბეგის მიმდებარე მთიანი ზონის დათვალიერება, რაც ვერტმფრენის გარეშე შეუძლებელია. ინვესტორის თხოვნით, ასევე მონახულებული იქნა საძელე და ახალი გუდაური.”
“გურია ნიუსი” შეეცადა ეკონომიკის სამინისტროში გაერკვია, რატომ დაიხარჯა თებერვლის თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 200 დოლარი იმ მომსახურებაში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს განხორციელდა.
_ სლოვაკური კომპანიის ვიზიტისას, რომელიც გასული წლის ნოემბერში განხორციელდა, სტუმრების გადასაადგილებლად ვერტმფრენის დაქირავება _ 38 410 ლარი დაჯდა. მაშინ დაგვიზუსტეთ, რომ ინვესტორი დიდველი-მიტარბის ტერიტორიაზე, ბორჯომის ხეობაში, ასევე ყაზბეგის მიმდებარე მთიანი ზონის დასათვალიერებლად გყავდათ წაყვანილი. ამავე პასუხის თანახმად, სლოვაკური კომპანიის წარმომადგენლებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს საძელე და ახალი გუდაური. მიმდინარე წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამავე კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტისას, ვერტმფრენი ისევ დაგიქირავებიათ. გვაინტერესებს რატომ დაიხარჯა 15 200 დოლარი იმ მომსახურების გასაწევად (გუდაური, ყაზბეგის მონახულება), რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს განხორციელდა? ასევე მოგვწერეთ, რა სტადიაშია აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკებები და თუ არის გადაწყვეტილი სად ჩადებს ინვესტიციებს აღნიშნული კომპანია. ასევე, რამდენია ინვესტიციის მოცულობა, _ ეს შეკითხვა გავაგზავნეთ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყებიდან მოსული პასუხი კი ასეთია: “აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-საკურორტო ტურისტული ჯგუფის, სლოვაკური ჰოლდინგის “ჟ&თ Gროუპ”-ის წარმომადგენლებმა 2014 წლის 3-5 თებერვალს გუდაურში ჩამოიყვანეს სპეციალისტთა 12- კაციანი ჯგუფი. მათ უშუალოდ ადგილზე შეამოწმეს ტერიტორიები, სადაც რამდენიმე დიდი საბაგირო ხაზის მშენებლობა იგეგმება. უცხოელმა ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს მთელი პერიმეტრი, თოვლის ხარისხი, სიღრმეები, სათხილამურო ტრასებზე თოვლის დატკეპნის შესაძლებლობები და დაათვალიერეს ზვავსაშიში ადგილები. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტერიტორიებზე ჯერ არ არსებობს საბაგიროები, ექსპერტების დანიშნულების ადგილებზე მისაყვანად საჭირო გახდა ვერტმფრენის დაქირავება, რაც უზრუნველყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
გუდაურში რამდენიმე ვიზიტისა და კურორტის დეტალური შესწავლის შედეგად, სლოვაკურ კომპანიას უკვე წარმოდგენილი აქვს კობი-გუდაურის განვითარების ხედვა. ამჟამად მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სლოვაკური კომპანია გუდაური-კობის ტერიტორიაზე სასტუმროების, საბაგიროების, სათხილამურო ტრასებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოწყობისთვის რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს”.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება “გურია ნიუსმა” “”J&T Financing Group“”-თან სცადა.
მეილით გაგზავნილ შეკითხვაზე კომპანიამ ოპერატიულად გვიპასუხა.
“თქვენი კომპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ სოლიდური ინვესტიციების გახორციელებას გეგმავთ ჩვენ ქვეყანაში. შეგიძლიათ თუ არა მოგვწეროთ, რა ეტაპზეა მოლაპარაკება და რა სახის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავთ საქართველოში და როდის“, _ამ კითხვაზე კომპანიის პრესსამსახურის პასუხი ასეთია:
“დიდი მადლობა წერილისთვის. დიახ, ჩვენი კომპანია შეხვდა სამინისტროს და კურორტ გუდაურის წარმომადგენლობას და ვეწვიეთ თავად კურორტს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით ქართული სტუმარმასპინძლობით და გუდაურის ბუნებრივი მდებარეობით. ორივე მხარემ განვიხილეთ შესაძლებლობები ჩვენი კომპანიის კურორტზე შემოსვლასთან დაკავშირებით. მოლაპარაკება დაწყების სტადიაშია, ამის გათვალისწინებით, ჯერჯერობით, რაიმე კომენტარის გაკეთება ნაადრევია”.