მათი თქმით, მსგავსმა ტენდენციამ, შესაძლოა, მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვნად დააზარალოს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო მიმზიდველობას გააუარესებს.
“ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში ინვესტიციების მხარდაჭერა, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოწვევაა. თავის მხრივ სწორედ კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა განაპირობებს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ინვესტორთა აქტიურობას. მთავრობა არის როგორც ინვესტორის პარტნიორი და ინვესტიციების დაცვის გარანტორი, ასევე მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი, ყველაზე მძლავრი და სანდო შუამავალი მოსახლეობასა და ინვესტორს შორის.
საკუთარი პრობლემებისადმი საჯარო ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით მოსახლეობის საჯაროდ შეკრება თუ პროტესტის გამოხატვა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის კანონიერი გზით განხორციელებაში ხელშეწყობა მთავრობის ფუნქციაა.
ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ყაზბეგში, მესტიასა და ხულოშიც, ფარავან ჰესის მშენებლობაზე, თუ დაგეგმილ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხილვაზე, მოსახლეობა იკრიბებოდა ამჟამინდელი თუ სამომავლო პრობლემების საჯაროდ გამოხატვისთვის – ეს ნორმალურია. მაგრამ, გზის გადაკეტვა, სამართალდამცავთათვის თუ ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევა და საქმიანობაში ხელის შეშლა კანონდარღვევაა, ეს არ არის დემოკრატიის სტანდარტი.
გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ და ვშიშობთ, რომ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება შექმნის სახიფათო პრეცედენტებსა და მასობრივ კანონდარღვევათა რეციდივს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას იქნება დაინტერესებული პირების ანალოგიური მოქმედებების მცდელობა, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, გააუარესებს საინვესტიციო მიმზიდველობას.
შესაძლოა სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბდეს პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფების მცდელობები საინვესტიციო პროექტების ხარჯზე მოიპოვონ პოპულარობა თუ პოლიტიკური დივიდენდები, და რაც უფრო სამწუხაროა არაინფორმირებული მოსახლეობის გრძნობებზე თამაშით გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა. არ არის გამორიცხული და ამის მაგალითები მსოფლიოში უამრავია, თუნდაც უკრაინის მაგალითი თვალსაჩინო უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის, რომ არა კეთილად განწყობილი ქვეყანა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს და არა მარტო ფინანსურს, რათა არ მისცეს ქვეყანას საშუალება საკუთარი ენერგეტიკული რესურსის გამოყენების ხარჯზე შეამციროს ენერგეტიკულად დამოკიდებულება სხვა ქვეყანაზე. იმის გათვალისწინებით თუ რა როლს თამაშობს ენერგეტიკის განვითარება ნებისმიერი ქვეყნისათვის მისი დამოუკიდებლობისათვის, ეკონომიკის აღმავლობისათვის, ზოგადად ქვეყნის მომავლისათვის, ასეთი რამის გამორიცხვის ფუფუნება საქართველოს ნამდვილად არა აქვს და ამ მიმართულებით გონივრულ, ქმედით ნაბიჯებზე, სახელმწიფოს სპეციალური სამსახურები დღენიადაგ აქტიურად უნდა ზრუნავდეს. სამწუხარო რეალობა უცხო არ არის დემოკრატიისთვისაც, მაგრამ საჯარო ხელისუფლების ფუნქცია კანონის სადარაჯოზე დგომა, მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, პრინციპულობა და თანმიმდევრულობაა სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში.
როგორც ჩანს არ შევმცდარვართ, როდესაც აღვნიშნეთ, რომ ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა როგორც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ასევე რაც უმნიშვნელოვანესია, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ცნობისათვის მედიით გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, აჭარაში ბოლო დღეების პროტესტის, გნებავთ რეალურად “საბოტაჟის” ნიშნების შემცველი პროცესის ორგანიზება, სწორედ ხუდონჰესის პრეცედენტით მოხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით: (ა) მხარდასაჭერია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია კანონის წინაშე თანასწორობის, კანონის უზენაესობის, მოსახლეობის უფლებების გათვალისწინებისა და დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებისა დაცვის, კერძო და საჯარო ინტერესების ოპტიმალური გათვალისწინების უზრუნველყოფისაკენ; (ბ) მოვითხოვთ სამთავრობო რეალური აქტივობებს, ინვესტორებთან და მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვისობრივად გაუმჯობესებას; (გ) მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას – გაიცნობიერონ მათი წვლილი და პასუხისმგებლობა სამშობლოს, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების განვითარებაში თუ განვითარების ხელშეშლაში და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები; მთავრობისაგან, ინვესტორთაგან თუ მოსახლეობის “გულშემატკივრებისაგან” მოითხოვონ მეტი ინფორმაცია და ასე მიაღწიონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებას.” _ ნათქვამია ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ სახალხო დამცველის აპარატმაც გააკეთა:
“2014 წლის 8 მარტს ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში 5 სოფლის დიდაჭარის, გელაძეების, დიაკონიძეების, ღურტასა და პაქსაძეების მოსახლეობამ “აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ჰესის მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მთელი დღის განმავლობაში სოფელ ღურტაში განვითარებულ მოვლენებს ადგილზე აკვირდებოდა სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარის რეგიონში.
მოსახლეობის განცხადებით, გვირაბი რომელიც სოფელ ღურტას ტერიტორიაზე გაივლის, ინფრასტრუქტურას დააზიანებს და მეწყრული პროცესების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ გვირაბის გაჭრის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია.” _ ნათქვამია განცხადებაში.
ვრცელ მასალას სოფელ ღურტაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “გურია ნიუსი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.