ეს კაცი ვერ იტანდა განათლებულ, მოაზროვნე ადამიანებს, ჭეშმარიტ და მართლაც “ოცნების” მხარდამჭერებს, რომლებსაც გულახდილად, ყოველგვარი უსასყიდლობის გარეშე უნდოდათ ბიძინა ივანიშვილისთვის გვერდით დგომა”, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი ნუგზარ გიორგაძე.
_მე გეკითხებით, დამთავრდა არჩევნები, გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე შეიცვალა? შემოგვიგდეს ასეთი ფრაზა კოაბიტაცია, ვისთან უნდა ვიყოთ კოაბიტაციაში? გუშინ რომ მიჭერდა, პავლონია რომ ამიჩეხა? სახლში თავს რომ დამესხა, 7 ნოემბერი, 26 მაისი, ასეთ ხალხთან უნდა ვიყოთ კოჰაბიტაციაში?
ფაქტიურად დღეს კოალიცია აღარ არსებობს გურიაში, აი, კოალიციის პარტიების ლიდერებმა დამისახელონ და თქვან, არსებობს რომელიმეს პარტია დღეს? ან რომელიმე წევრი, გარდა კოტე შარაშენიძისა დასაქმებულია?
_ კონკრეტული ფაქტების მიხედვით შეგიძლიათ ისაუბროთ?
_თქვენ, ალბათ, გახსოვთ ინციდენტი, კოტე შარაშენიძესა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ნესტორ რამიშვილს შორის. რა მაინტერესებს, იცით? პოლიციას მაშინ 8 ადამიანმა მივეცით ჩვენება. მე ვარ შემსწრე და მნახველი იმ ფაქტისა, თუ როგორ ჰქონდა თავი გატეხილი და რა მდგომარეობაში იყო ნესტორ რამიშვილი. მე მივეცი ჩვენება, თუ რა ვითარებაში ვნახე ნესტორი. დაგვკითხა პოლიციამ, დაიწყო გამოძიება, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზაზა პეტრიაშვილმა მოგვცა პირობა, რომ ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებდა, გვეუბნებოდა, რომ მას წინ ვერავინ გადაუდგებოდა და ის ამ საქმეს გამოიძიებდა. მაგრამ ამის შემდეგ დადგეს მაგარი სპექტაკლი, კარგად გახსოვთ, როგორ მოაშორეს პოლიციის უფროსი გურიას. იმიტომ, რომ ეს კაცი იყო სიმართლის გვერდზე. როდის უნდა დადგეს სამართლიანობის დრო? მაინტერესებს, რატომ ერთხელ არ დამიბარეს და არ მომთხოვეს, თუ მე მივეცი არასწორი ჩვენება პოლიციას, ამისთვის არ უნდა მოეთხოვათ? მაგრამ არა, მიიჩქმალა ყველაფერი. მაშინ ჩვენ რატომ არ გვადანაშაულებენ? მე ამ კითხვაზე პასუხს ვითხოვ! ის კაცი, ვინც ამ საქმეს იძიებდა, სახლში გაუშვეს.
_ მე პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, ვინ იყო შსს მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე და რას ემსახურებოდა ის მთელი ცხოვრება. ყველა, ვინც ოზურგეთში თანამდებობებზე დაინიშნა, გელა ხვედელიძის და კაკო სიხარულიძის კადრი იყო.
ვინ არის კოტე შარაშენიძე? _ ხვდელიძის კადრი! ტყუილად აბრალებენ, ბიძინას ძმის კადრიაო, ესაა ტყუილი, კოტე არის ხვედელიძის კადრი.
_ რა გინდათ მაგით რომ თქვათ?
_ თუ არ გაწმინდეს, მოდის კვლავ არჩევნები და თუ ეს ხალხი დარჩა, ერთმმართველობაა ოზურგეთში! სადაა დანარჩენი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რატომ ხმას არ იღებენ? საკრებულოს ფარაონებთან ერთად რომ წყვეტს კოტე ყველა საკითხს. თუ ადრე, სააკაშვილის რეჟიმის დროს ფიზიკურ განადგურების ეშინოდათ, ახლა წამოვიდნენ მონა- მორჩილები, იმიტომ რომ რაღაცას ხვალ გამოკრან ხელი, ჰპირდება ყველას კოტე სამსახურს, მაგრამ ყველას ატყუებს.
_ ბატონო ნუგზარ, რატომ აქამდე არ საუბრობდით ამ ყველაფერზე?
_ რამდენჯერ დავურეკე გურიის კურატორებს, ხომ შეიძლება, ამოიღონ სატელეფონო საუბრები. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს ხვედელიძესთან შეათანხმებდნენ. მაგათ “დაბლოკეს” რამდენიმე კადრი, რომლებიც შტაბის უფროსებად დასახელდნენ. კაკო სიხარულიძემ გააკეთა ეს ხვედელიძით მეშვეობით. იმიტომ, რომ სხვა დანარჩენი არის კაკოს, დათო დარჩიას და კოტეს დამჯერე ხალხი. რომის პაპია კოტე შარაშენიძე? მას დაუჯეროს ყველამ და სხვას განსხვავებული აზრი არ ჰქონდეს?
1 ოქტომბრის მერე გაისწორეს თავისი და გაიჯეჯილეს? _ ერთი პარლამენტის დეპუტატია, მეორე უშიშროების უფროსი, მესამე გამგებელი, მეოთხე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გაინაწილეს ადგილები და ხალხი “ფეხებზე ჰკიდიათ”. მათი გადასაწყვეტია ყველაფერი, მაგრამ კოტეს მესამე სართულზე ჰყავს დირიჟორი, რომელიც ამ სცენებს დგამს და კოტე მის მითითებებს ასრულებს, თუ ვინმემ ეს არ იცის მე ვეტყვი, ვინაა და ვის მითითებებს ასრულებს კოტე შარაშენიძე_ ესაა ლელა თავართქილაძე, ქალი რომელიც “ნაცმოძრაობას” ემსახურებოდა. არ უნდა დამთავრდეს მისი დრო?
_ როცა მე პავლონიები ამიჩეხეს, მაშინ ჩამიყვანეს ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად და გააცნეს მათ ჩემი თავი, აი ეს კაცია, “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის რომ დასაჯესო! ამის ვიდეო მასალაც მაქვს, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი ეუბნება ბატონ ბიძინას ამას. ესეიგი მე “კუკლა” ვიყავი? იმედი მაქვს, აღსდგება ქვეყანაში სამართალი და მე მეცოდება ეს ხალხი. დათო დარჩიას თუ ჰგონია, რომ ბიძინა მისი მფარველი იქნება ბოლომდე და ეს რაიონი ბიძინამ მას და კოტე შარაშენიძეს აჩუქა, ძალიან ცდება, ბიძინა არავის არ აპატიებს უკანონობას.
ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსს აკაკი სიხარულიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ იცნობს რამდენიმე პირს ნუგზარ გიორგაძის სახელის და გვარის მატარებელს.
_ კომენტარი მინდა გთხოვოთ ნუგზარ გიორგაძის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თქვენ ხართ “გელა ხვედელიძე -ორი” გურიაში და რომ ღირსეული კადრების დანიშვნას ბლოკავდით ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” შტაბში მუშაობის დროს. მისი თქმით, ახლაც ბლოკავთ, უკვე გურიის უშიშროების უფროსის რანგში.
_ იქეთ მინდა გკითხოთ, სად ესაუბრეთ ნუგზარ გიორგაძეს?
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
_ მე ხომ გხვდებით აქ , თეატრის მოედანზე, ასე ვთქვათ, საჯარო სივრცეში…
_ კარგით, ბატონო, მასთან სახლში, ცხემლისხიდში ვიყავი.
_ იქ ვინ მიგიყვანათ ინტერვიუს ასაღებად?.. თუ თქვენ თავად მიბრძანდით?
_ ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, ინტერვიუს ასაღებად არავის არსად დავყავართ…
_ თქვენი ნებაა. მე ისეთს არაფერს გეკითხებით, რომ ვინმეს ავნოს. ანუ რესპოდენტი გიორგაძე ვინაობას არ მალავს, მაგრამ ვინაობას მალავს მასთან მიმყვანი? ამ შეკითხვას ჩემს თავს ვუსვამ, შენ პასუხს მაინც არ გამცემ. თუმცა, პასუხი მაქვს.
_ გისმენთ, თქვენი პასუხი მაინტერესებს.
_ კონკრეტულ მიმყვანს, ისევე, როგორც გიორგაძის ნათქვამს, არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. აქ მთავარი ისინია, ვინც ასეთ “სერტიფიცირებულ პროვოკატორებს” ამზადებს მედიისთვის.
_ თქვენ მათ იცნობთ?
_ ასე მგონია, თქვენც იცნობთ.
_ გიორგაძის ნათქვამს, გელა ხვედელიძის და თქვენი სიახლოვის შესახებ, რით უპასუხებთ?
_ გიორგაძეზე გითხარით -არაფერ შუაშია და მისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ.
_ არც ხვედელიძეზე გვეტყვით რამეს?
– ბატონმა გელა ხვედელიძემ, სხვებთან ერთად, საარჩევნოდ ტიტანური შრომა გასწია და შემთხვევითი არ ყოფილა მისი პარლამენტში ყოფნა და მინისტრის მოადგილეობა. ადამიანურ შეცდომას ყველა ვუშვებთ, რაც მისატევებელია, მიგვეტევება. ხოლო თანამდებობრივი გადაცდომისთვის პასუხისმგებლობა გარდაუვალია. ახალი ხელისუფლება, წინასგან განსხვავებით, შერჩევით სამართალს არ უშვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად გასაგებად ბრძანეს, როცა ამ თემის შესახებ გააკეთეს განცხადებები.
პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით დარჩია, ნუგზარ გიორგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევს და კომენტარს “გურია ნიუსთან” არ აკეთებს.
_ მე ერთი რამ შემიძლია, გითხრათ. რასაც გიორგაძე აცხადებს, ეს არის მოგონილი აბსურდი, სულელური ბრალდებები და მაპატიეთ, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: “ეს გაცვეთილი თემაა, ვიღაცეების ბოდვებზე უკვე კარგა ხანია, აღარ ვაკეთებ კომენტარს. ეს არის გაბოროტებული ადამიანების საქციელი, მათ ვერ დაიმკვიდრეს დღევანდელ სიტუაციაში სახელი, მათ აქვთ იმისი განცდა, რომ სადღაც ძალიან მარტივად წყდება საკითხები, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რას და როგორ აკეთებს.
გურიის გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ რას აცხადებენ, რომ მე ვავალებ რაიმეს კოტეს?
_ დიახ, ქალბატონო ლელა, აცხადებენ, რომ უშუალოდ თქვენი მითითებით ასრულებს კოტე შარაშენიძე ნებისმიერ საქმეს. ეს ეხება საკადრო ცვლილებებს და ასე შემდეგ.
_ ეს არასერიოზულად მიმაჩნია, თუმცა გეტყვით, რომ ჩემსა და კოტეს შორის ადამიანური ურთიერთობა ნამდვილად არსებობს. ამას ვერც დავმალავ და არც ვაპირებ, მაგრამ პოლიტიკურად ჩვენ სხვადასხვა განზომილებებში ვართ და ვურთიერთობთ იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ზოგადად ურთიერთობენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
_ ანუ კოაბიტაციურად?
_ კი, კოაბიტაციურ გარემოში ვართ ნამდვილად. ამას არ ცდება ჩემი და კოტეს ურთიერთობა. მეტსაც გეტყვით, გაცილებით უფრო ინტენსიური ურთიერთობა მქონდა ამ პროცესებამდე და დღეს პრაქტიკულად არ ვნახულობ, ვერ ვნახულობ და იგივე ხდება მისი მხრიდანაც.