სირცხვილია, საზოგადოება გისმენთ! მხოლოდ გირგვლიანის საქმე იყო საკმარისი იმისთვის, რომ დაგენახათ, როგორ აშენებდით ქვეყანას. სად იყავით მაშინ, რატომ არ ებრძოდით ამ ძალადობას?! შევარდნაძის რეჟიმზე საუბრობთ _ თქვენ შექმენით, მისი რეჟიმი: მაჭავარიანმა, სააკაშვილმა და გოგორიშვილმა. “მოქალაქეთა კავშირი” მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს _ დაიხურეს ქუდი და წავიდნენ, თქვენ კი ისევ საპრეზიდენტო კანდიდატებს აყენებთ. დაუდგით ტელევიზორი მერაბიშვილს საკანში და 24 საათი აყურებინეთ, როგორ აწამებდნენ ხალხს. სახალხო დამცველის ანგარიშები აიღეთ, იგივე თქვენს მიერ ხელდასმული ტუღუშის. თქვენ არ იცოდით, რომ ხალხს აწამებდნენ?!” _ ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უმცირესობის გამოსვლებს და კომენტარებს იმასთან დაკავშირებით რომ მათ ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რას ფიქრობს ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანი და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შევარდნაძის რეჟიმზე.
მიხეილ მაჭავარიანი: “იცით რა? მე მგონი, ჟანრის აღრევაა. ქალბატონი მანანა ზუსტად ერთი რიგით უკან უზის ბატონ ვანო კიღურაძეს, ვინც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო წინა წლებში. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი მეგობარი დავით ონოფრიშვილი მინისტრი იყო მაშინ. დღეს უმრავლესობის წევრები და თანამდებობის პირები არიან: ნოდარ ხადური, კოკა ყანდიაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, ირაკლი ალასანია. გავაგრძელო სია?! ეს ადამიანები შევარდნაძესთან მუშაობდნენ ბოლომდე. განსხვავებით ჩემგან და მიხეილ სააკაშვილისგან.
მე დავტოვე შევარდნაძის მთავრობა 2001 წელს კორუფციის ბრალდებით. თქვენ ახალგაზრდა ხართ და იქნებ არ გახსოვთ. 2001 წლის 15 აგვისტოს გამოვედი და ვთქვი მთავრობის სხდომაზე, რომ შევარდნაძის მთავრობაში არის კორუფცია და მე ამ მთავრობაში არ ვიმუშავებდი.
1994-1995 წელს ვიყავი “მოქალაქეთა კავშირში” ჟვანიასთან, მიხეილ სააკაშვილთან, გია ბარამიძესთან ერთად და ვამაყობ, რომ იქ ვიყავი. მაშინ ჩვენ ვებრძოდით “მხედრიონს”, ორგანიზებულ დანაშაულს, ასლან აბაშიძის კლანურ მმართველობას და ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაშინ როცა ზოგ-ზოგიერთები ან ჩირგვებში იჯდნენ, ან არაფერს აკეთებდნენ. ჩვენ მაშინ ქვეყნის შექმნა გვინდოდა და როცა ვნახეთ, რომ ეს ქვეყანა არ გამოდიოდა, მაშინ წამოვედით იმ გუნდიდან. ამიტომ მე, ჩემი ისტორიის არცერთ ფურცელზე უარს არ ვამბობ. როცა ჩავთვალე, რომ შევარდნაძის პოლიტიკა არასწორი იყო, წამოვედი. მაგრამ ახლა იკითხოს იმ ხალხმა, რომლებიც მაშინაც იყვნენ, ბოლომდე დარჩნენ შევარდნაძესთან, დღესაც შევარდნაძის ერთგულები არიან და დღეს “ქართულ ოცნებაში” იმყოფებიან.