40 წლის ნაზი მახარაძეს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოთხი შვილის დედის საფიქრალი მხოლოდ მცირეწლოვანი შვილების გამოკვება და იმაზე ზრუნვაა, რომ ერთ დღეს, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლი თავზე არ ჩამოექცეთ.
ექვსსულიანი ოჯახის თვიური შემოსავალი 400 ლარამდეა. ისიც იმის გამო, რომ მახარაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და ოჯახის სარეიტინგო ქულების მიხედვით, სახელმწიფო თვეში ფულად შემწეობას _ 400 ლარს ურიცხავს.
ოჯახის დიასახლისს შემოსავლის განაწილება უძნელდება. როგორც გვეუბნება, არ რჩება იმის საშუალება, რომ ბავშვებს ტნსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები უყიდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მახარაძეების ოჯახი სხვის კერას არიან შეფარებულნი და საკუთარი ბინა არ გააჩნიათ.
ნაზი მახარაძე გვიყვება, რომ წვიმიან ამინდში სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ, ამ დროს თავს მეზობლებს აფარებენ; ქარის დროს კი სახლი აკვანივით ირწევა. ორსართულიან ფიცრულ სახლს ალაგ-ალაგ ჩატეხილი კიბეები აქვს. სახლში იატაკი არ არის და ბავშვები მიწაზე დაგებულ ლეიბზე წვებიან.
ღუმელს ზაფხულშიც ანთებენ ეზოში, რომლისთვისაც ფიჩხი მარტოხელა დედას თავად მოაქვს, _ აბა, ბავშვებს მშიერს ხომ არ დავტოვებო, – ამბობს.
_ ერთი შვილი წელს შედის სკოლაში, ერთიც ბაღში დამყავს, მაგრამ წელს როგორ მოვახერხებ ამას, არ ვიცი. არ მგონია, რომ სკოლაში წავიყვანო შვილი, რადგან ტანსაცმლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვ დახმარებას, ეგებ, სხვა სახლი გამომიძებნოს საცხოვრებლად, რადგან იმის შიშით მიღამდება, ეს "ბიჯგები" არ გამოიშალოს, ან ერთ დღეს ამოვარდნილმა ქარმა არ წამიქციოს სახლი და ნანგრევებს ქვეშ არ მოვყვეთ,. ჩემს თავს ვინ ამბობს, ბავშვები მეცოდებიან. ეგება გამონახონ სხვა სახლი, რომ გადავიდეთ და მშვიდად მაინც ვიცხოვროთ, _ გვითხრა ნაზი მახარაძემ.
ლესის თემის რწმუნებული დავით ლომაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მისთვის მახარაძეების გასაჭირის შესახებ ცნობილია: _ ოჯახს მართლაც ძალიან უჭირს, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და არსებობს საშიშროება იმისა, რომ წაიქცეს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტი ამ პრობლემასთან უძლურია. სახლის შესაძენი თანხის მოძიება გართულდება. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, შესაძლოა, ამის საშუალება გამოიძებნოს, თუმცა, ძალიან გაჭირდება, რადგან ეს ფართი მიტოვებული უნდა იყოს, _ ამბობს ლომაძე.