დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარის ავთანდილ სურგულაძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ახალ მოწვეული საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე კიდევ მოხდეს 2010-2014 წლის მოწვევის დეპუტატების შეკრება.
"რადგან 2 აგვისტოს მოხდება ახალ არჩეული საკრებულოს სხდომა, ჩვენ მანამდე კიდევ მოგვიწევს ალბათ შეხვედრა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ოჯახური პირობების გამო ათი დღით გავდივარ შვებულებაში და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ავთანდილ მექვაბიშვილი შეასრულებს", _ თქვა სურგულაძემ.
საკრებულოს სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ალეკო ბერიძემ გვამცნო, რომ 5 ივნისს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 399,1 ათასი ლარი გამოყო.
"2014 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოხდა ცვლილება. ეს ცვლილება გამოწვეულია იქედან, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის #1139 დადგენილებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოეყო 399,1 ათ.ლარი. ამ ფულით შეძენილი იქნება სამშენებლო მასალები, რომელიც გადაეცემა მოსახლეობას", _ თქვა ალეკო ბერიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე მოითხოვა დეპუტატებთან საუბარი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატები ოთხწლიანი მუშაობის საზეიმოდ აღნიშვნას აპირებენ.