"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მინდა შევეხო "გურია ნიუსში" დაბეჭდილ სტატიას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩემი კონკურენტი, ექსპერტების ანალიტიკური შეფასებით (ამ არგუმენტით) ამყარებს მოსახლეობაში აზრს, თითქოს ჩემი დაპირებები არარეალისტურია და შეუსრულებადი," _ ასე იწყება ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, შოთა გოგიბერიძის გამოხმაურება წერილზე, რომელსაც მისი "მრავალპარტიული“ მხარდამჭერების კომენტარები მოსდევს პათოსით: "დევნიან, შავ პიარს უგორებენ, იციან, რომ იმარჯვებს და ყველაფერს აკეთებენ, მოსყიდული ჟურნალისტების არ უნდა შეეშინდეს“ და ა.შ.
ბატონი გოგიბერიძის გულისწყრომა "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულმა ეკონომიკის ექსპერტების კომენტარებმა (სტატია სათაურით: "რას გვპირდებიან მერობის კანდიდატები") გამოიწვია, რომლებმაც მისი წინასაარჩევნო პროგრამა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კანდიდატის ეკონომიკური ხედვა და შესაბამისად მისი დაპირებები მოკლებული იყო რეალობას.
"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ასეთია: "ოზურგეთში ამოქმედდება უფასო პოლიკლინიკა და უფასო მუნიციპალური ჰოსპიტალი."
რადგან მერობის კანდიდატმა ექსპერტების კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა, ჩვენ ამ კონკრეტულ დაპირებაზე კომენტარის გაკეთება ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ვთხოვეთ. კითხვაზე, რამდენად რეალურია მსგავსი სახის დაპირება, მინისტრმა განაცხადა:
დავით სერგეენკო: "ზოგადად, უფასო არის ამორფული ცნება და სერიოზული გათვლების გარეშე ამის დაპირება ძალიან რთულია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქე უკვე არის გადამხდელუნარიანი თავისი ჯანდაცვისთვის, ეს უკვე მოხდა და ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა. თუ აღნიშნული კანდიდატი ამ მომსახურებას გულისხმობდა, ეს უკვე გაკეთებული გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვით.
რაც შეეხება საავადმყოფოს მშენებლობას, მას სჭირდება აქტიური მენეჯმენტი იმისთვის, რომ ხარჯეფექტურად და ხარისხიანად მართოს სერვისები. უფასო და მხოლოდ დოტაციაზე მყოფი საავადმყოფო ამ ეტაპზე რთულად წარმომიდგენია _ ვერ იქნება დეტერმინირებული მისი ფინანსური პარამეტრები. ჩემთვის პირადად, წარმოუდგენლად რთული, უფრო სწორად პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება ასეთი დაწესებულების მართვა."