"პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი, სოსო ერქომაიშვილი, "გურია ნიუსთან" დღეს დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ყველა საარჩევნო უბნის ახლომდებარე ტერიტორიაზე ვიყავი და ამომრჩეველს ვეუბნებოდი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ."
_ ბატონო სოსო, რომელ უბანთან მოგაყენათ შეურაცხყოფა?
_ ეს მოხდა 60/09 საარჩევნო უბანთან, სადაც მე ვაძლევდი ხმას. როდესაც გამოვედი უბნიდან, იქვე ვიყავი ახლოს, სადაც რამდენიმე წუთში მოვიდა ბეგლარ სიორიძე. მივესალმეთ ერთმანეთს, რის შემდეგ მან მითხრა, რომ დამეტოვებინა ოზურგეთი და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, მე მარტო არ ვყოფილვარ იქ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
"აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რასაც შოთა გოგიბერიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებენ სრულიად მიზანმიმართულად, ვითარების დაძაბვის მიზნით. როგორც ჩანს, ისინი წინასწარ ემზადებოდნენ მსგავსი პროვოკაციებისთვის, რაზეც მეტყველებს მთელი ის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც აგებული იყო კონკურენტის ლანძღვაზე, რაზედაც ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ვემიჯნებოდით და არ ვიმოქმედებდით მსგავსი რეფორმებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" და მათი კანდიდატი ბეგი სიორიძე ემიჯნება ყველა სახის პროვოკაციას და მოუწოდებს შოთა გოგიბერიძეს და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ქმედებებისგან და მისცენ საშუალება ოზურგეთის ამომრჩეველს საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში."