2014 წლის 11 ივლისს, "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით, "დიმიტრი ხუნდაძე, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დაიბარონ". საუბარია, იმაზე, რომ ხუნდაძემ 2014 წლის 28 მარტს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატელეფონო ზარი განახორციელა, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, გიორგი გოგიძის ოთახი გაჩხრიკეს და დალუქეს.
ეძებდნენ მოსასმენ აპარატურას. დეპუტატი ეჭვობდა, რომ მასზე და მის თანაგუნდელებზე ამ ოთახიდან ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენა.
"გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, დაკავშირდებოდა და "სმს" შეტყობინებაც გაუგზავნა, საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს. თუმცა, დეპუტატი ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს და არც "სმს" შეტყობინებაზე მიგვიღია პასუხი.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, თვითონ დაგვიკავშირდა. გვითხრა, რომ პარტიულ შეკრებაზე იყო და დროულად ვერ გვიპასუხა.
"გურია ნიუსი" დეპუტატთან დიალოგს უცვლელად გთავაზობთ.
_ ბატონო დიმიტრი, თქვენს წინააღმდეგ, მთავარ პროკურატურაში საჩივარი შევიდა. გედავებიან, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განახორციელეთ სატელეფონო ზარი, რის საფუძველზეც, გამგებლის პირველი მოადგილის ოთახი დაილუქა…
_ დაილუქა რას ნიშნავს? როდის იყო ეს?
_ 2014 წლის 28 მარტს
_ მოიცა, მოიცა. უცებ, კითხვა გამიჩნდა, ახლა რატომ შევიდა საჩივარი? დაუშვათ მარტში რაღაც იყო. საჩივარი ახლა რატომ შევიდა?!
_ ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ. საჩივარში საუბარია იმაზე, რომ გქონდათ ეჭვი, გამგებლის პირველი მოადგილის კაბინეტიდან, თქვენზე ხორციელდებოდა მოსმენა და თვალთვალი...
_ გეტყვით, გეტყვით. ალბათ, რაღაც ნახევარი წლის წინ იყო. მუსირებდა ასეთი აზრი, რომ გამგეობის შენობაში მოსასმენები იყო. გადაურეკე შს სამინისტროს და ვთხოვე – იქნებ გადაემოწმებინათ. მე მგონი, მოვიდნენ და შეამოწმეს კიდეც. აქ კონკრეტულად ვინმეზე კი არ იყო საუბარი. რა არის ამაში ცუდი?!
_ თქვენ თუ შს სამინისტროში დარეკეთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, საჩივარში გამგეობის თანამშრომელი წერს, რომ ოთახი გამგეობის თანამშრომლებმა დალუქეს, რაზეც ოქმი შედგა და რასაც გამგებელი, მისი მოადგილეები და სხვა თანამშრომლები აწერენ ხელს. ოქმში არსად წერია შსს-ს თანამშრომლების შესახებ.
_ დავრეკე იმიტომ, რომ მინდოდა გამეფრთხილებინა იქედან ხომ არ ხდებოდა მოსმენა. მაგრამ, როგორც მე ვიცი, მთლიანად შეამოწმეს გამგეობა. დალუქვა?! მოიცა, ვის ვუთხარი დალუქე-მეთქი?! სისულელეა! მარტში რაღაცა მოხდა, ვთქვათ შეამოწმეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეამოწმა, რა არ ჰქონდა უფლება? ან მე არ მქონდა უფლება დამერეკა შს სამინისტროში და მეთქვა, რომ არის ეჭვი იქ არის მოსასმენები? მე დავრეკე და ვთხოვე, ბატონ ლევან იზორიას. ფარულად იყო, ჩუმად იყო, თუ რა ხდება?!
მე უბრალოდ ლევანის უთხარი: გამგეობაში ასეთი აზრი მუსირებს, რატომ უნდა იყოს ეჭვები? თუ შეიძლება შეამოწმეთ. მე მგონი იყვნენ კიდეც. შემოწმებას მე არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ იყვნენ, შეამოწმეს და არც არაფერი აღმოჩნდა იქ. რა არის ამაში საპანიკო?! მართლა მიჩნდება კითხვა, ეს იყო მარტი თუ თებერვალი. თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა?
_ ბატონო დიმიტრი, კითხვა, რომ გამიჩნდა, სწორედ ამიტომ გირეკავდით…
_ მერე ეს დალუქვაა? კაი ერთი. მე გეტყვით. მთლიანად უნდა შეემოწმებინათ. რადგან ეჭვი იყო, რომ იმ ოთახებში შეიძლება ყოფილიყო. ისე, რომ დალუქეს და "ყარაული" დაუყენეს ასე არ იყო. როცა ითქვა, ამ ოთახს უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ იქ ის მოვიდოდა (გულისხმობს შსს.ავტ.) თვითონ გამგეობას დაცვა ჰყავს, შეიძლება იმათ გადაწყვიტეს, რადგან პასუხისმგებლობა ჰქონდათ და ყურადღება მიაქციეს. საკუთარი ის თუ მიაწებეს არ ვიცი. შეიძლება ყურადღების მიქცევის მიზნით. როდის დალუქეს?
_ ოქმის მიხედვით 18:55 საათზე…
_ არასამუშაო საათი იყო. დაცვამ აიყვანა კონტროლზე. ქვეყანა დაიქცა?! საქმე არ აქვთ რა?!
_ ბატონო დიმიტრი, გია კაჭარავამ ამ ფაქტთან დაკავშირებით, წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს…
_ ე.ი. ობამა დარჩა, რომ მიემართა. ახლა რატომ გაახსენდა გია კაჭარავას?! იგი რამდენიმე ხნის წინ ჩვენი პარტიიდან მეზობელ პარტიაში გადახტა. "სახალხო პარტიის“ სიაში იყო. იქედან ვერ გავიდა. ახლა ამით უნდა ააგოროს სიტუაცია. ყურადღება უნდა მიიქციოს თუ რა უნდა, ვერ ვიგებ. რა შუაშია გია კაჭარავა? თქვენ ხომ იცით, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს? შეიტანოს, შეიტანოს. პროკურატურა ამას გამოიძიებს და დაადგენს. რა პრობლემაა? პრობლემა არ არის!"
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, მიაწოდა თუ არა ინფორმაცია, დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის არსებობის შესახებ, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას.
შსს-ში განაცხადეს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მსგავსი ფორმატით არავის მოუმართავს. არანაირი შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, იქ პოლიცია ვერ მივიდოდა."
დაიწყებს თუ არა 2014 წლის 28 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას, დაკითხავენ თუ არა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს, ეს რამდენადმე დღეში გაირკვევა.