"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში, "ქართულმა ოცნებამ" თავისი საარჩევნო ტაქტიკა აჩვენა.
"ქართული ოცნების" კოორდინატორები მიზანმიმართულად ცდილობენ ვიდეოკამერიან დამკვირვებლებთან კონფლიქტში შესვლას. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. პოლიციას კი, საქმის ვითარების გარკვევის საბაბით, უბნიდან მიჰყავს არა კონფლიქტის გამომწვევი „ოცნების“ კოორდინატორები, არამედ სწორედ ის დამკვირვებლები, რომლებიც უბნების ვიდეოგადაღებას აწარმოებენ.
რუსთავში პოლიცია თავად იყო "ქართული ოცნების" აგრესიული კოორდინატორების წამქეზებელი.
მთაწმინდის #14 უბნის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ დამკვირვებელზე დაუყოვნებლივ ძებნა გამოაცხადა, ხოლო ნაძალადევის დამკვირვებელზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ტყუილი გაავრცელა – თითქოს ნიკოლოზ ჩომახაშვილი ნასვამი იყო.
მივმართავ პოლიციას, კონტაქტზე გამოვიდეს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტატებთან, რომლებიც ჩვენს საოლქო შტაბებში იმყოფებიან. ამომრჩეველს მშვიდად უნდა მიეცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალება."