"პატრიოტთა ალიანსის" აქტივისტების ინფორმაციით, ოზურგეთში ამომრჩევლების მოსყიდვა მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ავრცელებენ.
_ "ოცნების" კანდიდატი ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძე ცდილობს, მოისყიდოს ამომრჩევლები. ხმის მიცემის შემდეგ ხდება ფულის გაცემა ამ პირებზე, _ წერს სოციალურ ქსელში დათო ლაღიძე, რომელიც მისივე თქმით არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.
ლაღიძე ამბობს, რომ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტი არ გააჩნია.
ლაღიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცის სიცრუეს უწოდებს ბეგლარ სიორიძე:
_ ეს არის მორიგი სიცრუე და სისულელე, რომელსაც ჩემი ოპონენტები ავრცელებენ მთელი დღის განმავლობაში, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას სიორიძემ.
"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი, შოთა გოგიბერიძე კი "ჯანყს" პროგნოზირებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "კუპრს" ადუღებს:
_ "ნაციონალური მოძრაობის" ორი განსაკუთრებით აქტიური მხარდამჭერი "ქართული ოცნების" მესვეურთ პირდება, "ჯოჯოხეთს მოგიწყობთო".
ოზურგეთელები, დიდი ხანია, ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. უბრალოდ, დღეს "ქართული ოცნება" კუპრს ადუღებს, კიდევ უფრო გაუსაძლისი რომ გახადოს ოზურგეთში ცხოვრება.
მეოცნებე ნაციონალთა გაუგებარი შერწყმით გამოწვეული ოზურგეთელთა ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. ხალხი აღშფოთებას ვერ ფარავს!
თუ ასე გაგრძელდა, ჯანყი გურიაში გარდაუვალია! _ წერს გოგიბერიძე ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობისთვის მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, შოთა გოგიბერიძე უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, მაღალია:
_ 12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 24.44% იყო. პირველ ტურში კი 12 საათისთვის ამომრჩეველთა 20%-ს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, _ გვითხრა თენიეშვილმა.