ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დრომდე "პატრიოტთა ალიანსის" და მისი წარმომადგენლის, შოთა გოგიბერიძის მხრიდან საოლქო კომისიაში, ერთი საჩივარიც არ შესულა.
"გურია ნიუსი" ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შოთა გოგიბერიძის შტაბმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთში არჩევნები არადემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური ოცნების დაშლილი კოალიციის შემორჩენილი აქტივისტების წრეგადასული აქტიურობით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს წინასწარ დარეგისტრირებული ამომრჩევლის მიყვანა, რომელთა აღრიცხვას უბნების შორიახლოს მდგარ მიკროავტობუსებში მოკალათებული კოორდინატორები აწარმოებენ.
როგორც ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები იძულებით, დაშინებით და შანტაჟით მიჰყავთ სარჩევნო უბნებთან. ეს ის ადამიანებია, რომელთაც გარკვეული პრობლემები გააჩნიათ.
ძირითადად, პატიმართა ოჯახის წევრები არიან გამოუვალ მდგომარეობაში", _ ნათქვამია შოთა გოგიბერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ზვიად თენეიშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ექნება დარღვევის დამადასტურებელი ფაქტები, შეუძლიათ მიმართონ საოლქო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ მოახდენს მასზე რეაგირებას.
"როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ დრომდე არანაირი საჩივარი არ შემოსულა“, _ აცხადებს თენეიშვილი.