დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი კვერღელიძემ თქვა, რომ დღეს დილიდან შოთა გოგიბერიძის შტაბი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს უბნებზე ექსცესებს აქვს ადგილი.
"ცრუობს, რომ უბნებთან ამომრჩეველი მიყავთ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით და ამ სიცრუეს საკუთარი თვალით ხედავს ოზურგეთელი ამომრჩეველი; ქართული ოცნების კანდიდატს აბრალებს, რომ იძულებით და დაშინებით მიჰყავთ ამომრჩევლები უბანზე; უდიერად ახსენებს პატიმართა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები გააჩნიათ;
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და არც შოთა გოგიბერიძეს და არც მის შტაბს, უსაფუძვლო ბრალდებების არცერთი მტკიცებულება არ გააჩნია და არ წარმოუდგენია.
არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში. ჯერჯერობით არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით გოგიბერიძის შტაბის წევრების მცდელობას, პროვოკაციით გამოიწვიონ რომელიმე უბანზე არეულობა, რასაც ოზურგეთელი ამომრჩეველი სიმშვიდით ხვდება".
_ ბატონო დიმიტრი, სოციალური ქსელში დათო ლაღიძე, შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს – "ოცნების" კანდიდატი ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძე ცდილობს, მოისყიდოს ამომრჩევლები. ხმის მიცემის შემდეგ ხდება ფულის გაცემა ამ პირებზე. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ?
_ ეს ინფორმაცია არის ჭორი და მეტი არაფერი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, როდესაც არ შეესაბამება ეს ამბავი სინამდვილეს.