ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ დიდი ვანის, შუა სურების და ზემო სურების მოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახმარების თხოვნით მიმართავს.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას სურების მკვიდრი ზურაბ დარსალია ამბობს, თუ ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ვერ მიიღებენ, იქ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი სოფელში ცხოვრებას ვერ შეძლებს.
მისივე თქმით, სოფელს რამდენიმე პრობლემა აქვს, მათ შორის ელექტროენერგიის პრობლემა ყველაზე მწვავეა _ ზემო სურების მოსახლეობას წელიწადის მანძილზე ელექტროენერგია მხოლოდ 4 თვის განმავლობაში მიეწოდება.
"90-იან წლებში ამ სამ სოფელში 2000 კომლი იყო, თუმცა, დღეს 150-200 კომლიღაა შემორჩენილი. მოსახლეობა სოფლიდან ელემენტარული პირობების არარსებობის გამო წამოვიდა. არადა, ჩოხატაურის რაიონული ცენტრიდან ზემო სურებამდე მანძილი მხოლოდ 25 კმ-ია. ამ მანძილის დასაფარად მსუბუქ ავტომობილს ორსაათნახევარი სჭირდება. გზები ავარიულ მდგომარეობაშია. გარდა ამ პრობლემისა, სოფელ ზემო სურებში არ არის სახელმწიფო ელექტროენერგია 3 კმ სადენის და ტრანსფორმატორის უქონლობის გამო. რამდენიმე წლის წინ, როგორც მაღალმთიან სოფელში, სურებში მიკროჰესი დაიდგა, თუმცა დაპროექტების გარეშე. ამ ჰესს უნდა მოემარაგებინა სურების თემი ელექტროენერგიით. თუმცა, 1960 წელს გამოშვებული, ამორტიზებული გენერატორი მხოლოდ 4-5 თვეს მუშაობს წელიწადში და მხოლოდ ზემო სურებს ამარაგებს", _ აცხადებს დარსალია.
მისივე თქმით, დახმარების თხოვნით მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, თუმცა, ამ მიმართვებს რეაგირება არ მოჰყოლია.
გარდა ამ პრობლემისა, დარსალიას თქმით, სოფელში არ არის აფთიაქი, სამედიცინო პუნქტი, მაღაზია, არ ემსახურება რაიონთან დამაკავშირებელი ავტობუსის ინტენსიური რეისი:
"ადამიანი სოფელში საცხოვრებლად რომ დაბრუნდეს, ელემენტარული პირობები მაინც სჭირდება, თუმცა, ესეც არ არის. ამიტომ, იქ დაბრუნება ახალგაზრდებს აღარ უნდათ, არადა, ნაყოფიერი სოფელია, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ადგილმდებარეობით პერსპექტიული სოფელია, სანადირო და სათევზაო მეურნეობების მოწყობა შეიძლება. ნელ-ნელა ხალხიც დაუბრუნდება ამ ადგილებს", _ აცხადებს დარსალია.
მისივე თქმით, სოფელს წიფლის ტყე აკრავს, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ეს ტყე სოფელში მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა მიხო სვიმონიშვილმა შეისყიდა.
"დღესაც გააქვთ წიფლის მორები "ურალის" მარკის სატვირთო ავტომანქანებით, რამაც სოფლის და რაიონის გზა მთლიანად გაანადგურა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს სოფლის პირობებს. სოფლის მოსახლეობას შეშის და საღობე მასალის მოჭრის უფლებასაც კი არ აძლევენ. ამიტომ მივმართავთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს დახმარების თხოვნით _ ვითხოვთ, რომ 2014 წლის ბოლომდე მოასფალტდეს ჩოხატაური სურების გზის ნაწილი, 10-15 კმ და ეტაპობრივად მოაგვაროს ხელისუფლებამ სოფლისთვის საჭირო ელემენტარული საარსებო პირობები", _ აცხადებს დარსალია.
სურების თემის მოსახლეობამ სახელმწიფო კანცელარიას განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს მათ განცხადებას, ჯერჯერობით, უცნობია.
თუ რა სამუშაოებია დაგეგმილი სურების თემში, ამ საკითხზე "გურია ნიუსი" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლისთვის, ზემოსურების ტერიტორიულ ორგანოში, 9 პროექტია დაფინანსებული, აქედან: სოფელ ზემოსურების ცენტრში საპირფარეშოს სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 788 ლარია გამოყოფილი, წყლის ავზის მოწყობისთვის _ 2 885 ლარი; თავსურებში შიდა გზების შეკეთების და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის _ 3 000 ლარი, ხოლო საცალფეხო ხიდის მოწყობისთვის _ 1 841ლარი.
ტობახჩოში წისქვილის შეკეთება სამინისტროს 4 877 ლარი დაუჯდება, შველაურში სანიაღვრე არხის გაკეთება და საცალფეხო გზის გაფართოება _ 4 637 ლარი.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩაკიტაურში სიპიღელეზე გზის შეკეთება 2 606 ლარი ჯდება, ამავე სოფელში, ეზიეშვილების უბანში გზის რემონტი _ 1 995 ლარი; წითელგორაში ხიდთან მისასვლელი გზის შეკეთება _ 4 613 ლარი.
რაც შეეხება შუა სურებს, შუა სურების ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეძენა/გადახურვისთვის სამინისტროს 1 928 ლარი აქვს გამოყოფილი; გზის გამაგრებითი სამუშაოებისთვის _ 968 ლარი.
კიდევ რამდენიმე პროექტი _ სურების ცენტრალური გზის 2 კმ-ან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა, ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობა, სოფელ ზემოსურების ტერიტორიულ ორგანოში ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფელ შუა სურების ტერიტორიულ ორგანოში ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფელ ზემო სურებში ლომინეიშვილების უბანში ნაპირსამაგრი სამუშაოები, სამინისტროს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეის პრიორიტეტებში ვერ მოხვდა, ამიტომ ის არ დაუფინანსებიათ.
სამინისტროსვე განმარტებით, დაფინანსება პრიორიტეტების მიხედვით ხდება, რომელთა თანმიმდევრობას თავად ადგილობრივი ხელისუფლება ადგენს.
რაც შეეხება 2013 წელს გახორციელებულ პროექტებს, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შუა და ზემო სურებში, 13 პროექტი დაფინანსდა.
ზემოსურებში წისქვილის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 3 405 ლარი, წყლის მილების შეძენისთვის _ 1 300 ლარი;
თავსურებში სარიტუალო მომსახურებისთვის ინვენტარის შეძენა 4 881 ლარი, ტობახჩოში მილხიდისა და შიდა გზების შეკეთება 4 919 ლარი დაჯდა.
შველაურში შიდა გზების შეკეთებისთვის სამინისტრომ 3 467 ლარი გამოყო. ამავე სოფელში საჭაპანო ხიდის მოწყობა 1 200 ლარი დაჯდა; ჩაკიტაურში ეზიეშვილების უბანში შიდა გზების შეკეთება 2 629 ლარი, წითელგორაში ხიდისა და შიდა გზების რეაბილიტაცია _ 4 642 ლარი.
რაც შეეხება შუა სურებს, სამინისტროს ინფორმაციით, აქ შიდა გზების შეკეთებისთვის 4 837 ლარი იყო გამოყოფილი; გარე განათების მოწყობა 664 ლარი დაჯდა, წყლის მილის შეძენა _ 450 ლარი, საპირფარეშოს მშენებლობა _ 1 695 ლარი, საქუჩო განათების გამანაწილებელ ქსელთან მიერთება _ 400 ლარი.







































































