კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიანა ასათიანს დღეს, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.
"ულამაზესი და კარგი მსახიობო მონაცემების მქონე ახალგაზრდა ლიანა ასათიანი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება არ ჰქონდა უმალ მოექცა ქართველი რეჟისორების ყურადღების ცენტრში. მიხეილ ჭიაურელმა "გიორგი სააკაძეში" თეკლა დედოფლის როლი შესთავაზა. სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო ქალბატონი ლიანას კინოკარიერა, რომლის ერთგვარ გვირგვინად იქცა თავადის ქალი მაიას სახე ლანა ღოღობერიძის ფილმში "ერთი ცის ქვეშ".
ქალბატონმა ლიანამ ისეთ დიდ რეჟისორთა ფილმებში ითამაშა, როგორებიც იყვნენ ვახტანგ ტაბლიაშვილი, დავით რონდელი, სიკო დოლიძე, შოთა მანაგაძე, გიგა ლორთქიფანიძე. ერთ-ერთი უკანასკნელი მისი კინონამუშევარი გახლდათ რეზო ესაძის ფილმში "ჭერი". მაყურებელმა გულითადად შეიყვარა ლიანა ასათიანის გმირები. ის ჭეშმარიტი კინოვარსკვლავი გახლდათ და ამავდროულად არაჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისი. შესანიშნავი შვილებისა და შვილიშვილების დედა და ბებია", _ ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































