ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე საათის წინ, საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. კიწმარიშვილის პრესსამსახური კი აცხადებს, რომ მოკლეს.
ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს კიწმარიშვილის ოჯახის წევრები. მისი მეგობრები კი ამბობენ, რომ კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა.
_ ერთი თვის წინ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. რუსთავის მერობას აპირებდა. აქტიურად მართავდა შეხვედრებს და როგორ ფიქრობთ, თავს მოიკლავდა? დიდი გეგმები ჰქონდა, ბევრის გაკეთებას აპირებდა და გამორიცხულია, თავი მოეკლა, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან“ საუბრისას კიწმარიშვილის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელმაც ვინაობის გახმაურება არ ისურვა.
ეროსი კიწმარიშვილი დაიბადა 1964 წელს. 1981 წელს დაამთავრა რუსთავის მე-18 სკოლა. 1981-88 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1988-89 წლებში რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-ინტერნად მუშაობდა. 1988-90 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი ალპინიზმში; 1989-90 წლებში ონის რაიონის სოფელ უწერის ამბულატორიის გამგე; 1990-93 წლებში ქალაქ რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი; 1993 წელს გაზეთ " რუსთავის ახალი გაზეთის" გამომცემელი. 1993 წელს დააფუძნა სადაზღვევო კომპანია "რინკო"; 1994-2004 წლებში სამაუწყებლო კომპანია " რუსთავი 2"-ის, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 2000-04 წლებში სატელეკომუნიკაციო კომპანია " ჯორჯია ონლაინი" (ამჟამად კავკაზუს ონლაინი) დამფუძნებელი. 2002 -04 წლებში გაზეთი " 24 საათის", გამომცემელი; 2004 წ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. 2004-07 წლებში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში ( ნიუ იორკი, აშშ); 2008 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 2009 წელს „ფონდ 2020“-ის პრეზიდენტი. 2009-11 წლებში ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი. 2010-12 წლებში პოლიტიკური მოძრაობის " ქართული პარტია" დამფუძნებელი და პოლიტიკური მდივანი.
2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.






































































