საარჩევნო სუბიექტის "ჩვენი საქართველოს" თავმჯდომარე, დავით შუკაკიძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილს არ ჰქონდა მიზეზი, ცხოვრება თვითმკვლელობით დაესრულებინა.
ცნობისთვის, ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და ის კენჭს რუსთავის მერობაზე სწორედ ამ პოლიტიკური სუბიექტიდან იყრიდა.
"ძალიან კარგად ვიცნობდი ეროსის, ის არცერთ შემთხვევაში ცხოვრებას თვითმკვლელობით არ დაამთავრებდა. ამის განცხადების საფუძველს მაძლევს ბოლო პერიოდში მასთან აქტიური ურთიერთობა.
დიდი ალბათობით ეს მკვლელობაა და არა თვითმკვლელობა", _ უთხრა "გურია ნიუსს" შუკაკიძემ.
მისივე თქმით, დილით გასული სიუჟეტი, სადაც ეროსი კიწმარიშვილს კოორდინატორები თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებდნენ, მომხდართან არაფერ შუაშია, რადგან ამ შემთხვევაში კაპიკებზე იყო საუბარი.
"გამორიცხულია, იქ კაპიკებზე იყო საუბარი და ამის გამო ეროსი თავს არ მოიკლავდა. ფინანსურად ეროსი დატერორებული იყო წინა და ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მას არ უჭირდა. ჰყავდა საკუთარი ძვირადღირებული ავტომობილი, სახლიც ჰქონდა, არ იყო ფინანსურად დუხჭირ მდგომარეობაში“, _ ამბობს შუკაკიძე და დასძენს, რომ კიწმარიშვილს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ის თვითონ, ბუნებით არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს მტერი ყოფილიყო, მას ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა წარსულშიც და ახლაც.
ვიცი, რომ ვიღაცეებს, დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ვალი ჰქონდათ მისი “, _ ამბობს "გურია ნიუსთან" შუკაკიძე.






































































