ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის ინფორმაციით, იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზეა ნაპოვნი ეროსი კიწმარიშვილის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს.
როგორც ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, ის დღეს დილით იმყოფებოდა ექსპერტიზის ბიუროში, საიდანაც პირველადი შედეგების შესახებ გახდა ცნობილი.
"ტანსაცმელს ჩაუტარდა ექსპერტიზა. იქ რაიმე უჩვეულო მე არ მინახავს, ის ტანსაცმელი იყო, რომელიც გარდაცვლილს ეცვა. ასევე აპირებენ ექსპერტიზის ჩატარებას იმ ადამიანების ტანსაცმელზეც, რომლებმაც შემთხვევის ადგილი პირველად ნახეს. ეს ადამიანები დაკითხულებიც არიან.
ასევე, დღეს გაგრძელდა იარაღის ექსპერტიზა, ამჯერად გაკეთდა თითების ანაბეჭდი. საბოლოო პასუხი მე არ ვიცი, მაგრამ პირველადი პასუხით, იარაღზე არ არის არცერთი ანაბეჭდი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის გამოდგება. იქ არის ფრაგმენტები, რომელიც შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი ადამიანისგან. ფაქტია, რომ გამოძიება იქედან ვერ გაიგებს, თუ ვის ეკუთვნის ეს ანაბეჭდები. რამდენიმე საათში უკვე ბალისტიკური ექსპერტიზა უნდა დაიწყოს. სურვილი მაქვს, რომ იქაც დავესწრო, ან ის ადამიანი დავასწრო, რომელიც ამ ტექნიკურ პროცესში ერკვევა. არანაირი ინფორმაცია არა მაქვს, დენთის კვალის არსებობასთან ან არარსებობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ტყვიას, ის ღვედის სამართთან იყო გასული და ე.წ. სტოიკამ არ გაატარა. და შემდეგ იყო ქვემოთ ჩავარდნილი. ამასთან დაკავშირებით შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს, მაგრამ მე არა ვარ კომპეტენტური და ვფიქრობ, გამოძიება ამაზე ახსნა-განმარტებებს გააკეთებს იარაღის ლულასთან, მის ფორმასთან დაკავშირებით, ტყვიის ტრაექტორიაზე და ა.შ. ასე ერთი თვალის შევლებით ვერაფერი დადგინდება, ამას სერიოზული კვლევა სჭირდება და ველოდებით საბოლოო პასუხს", _ განაცხადა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.