გიორგი მარგველაშვილი პარლამენტშია. საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. პრეზიდენტის განცხადებით რიგგარეშე სესია მისი მოწვეულია და შესაბამისად, თავად მოწვევა არ სჭირდებოდა.
საპარლამენტო კულუარებში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილი პრემიერისგან საყვედური დაიმსახურა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე პრეზიდენტის არ მიწვევის გამო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხიც.
თავად პრეზიდენტმა, აღნიშნულზე განაცხადა რომ, მან ეს მასმედიისგან შეიტყო და დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით არ გამოვა.
გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოსვლისას, აქციის მონაწილეებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
იპოთეკით დაზარალებულებმა პრეზიდენტისგან მხარდაჭერის დაპირება მიიღეს, თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი მხარდაჭერა უცნობია.