პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლისთვის ბუკების ნაცვლად ნეთბუკები დაურიგდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერების კომპანია "იუ-ჯი-თი"-სთან უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც "იუ-ჯი-თი", პირდაპირი მიყიდვის წესით, 17 მილიონ 848 ათასი ლარად 46 ათასამდე ნეთბუკს დაამზადებს.
"იუ – ჯი – თი" – ს გენერალური დირექტორის, ერმილე სულაძის თქმით, კომპიუტერების წარმოება უკვე დაწყებულია და 15 სექტემბრისთვის მოსწავლეები მათ უპრობლემოდ მიიღებენ.
კომპანია "იუ-ჯი-თი"ს მიერ შეთავაზებული კომპიუტერის მოდელის გამძლეობაში ეჭვი ეპარება "ალგორითმის" პრეზიდენტს გიორგი კორახაშვილს, რომელმაც განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში "იუ-ჯი-თი"-სთან ერთად მიიღო მონაწილეობა. (აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებიდან პირველკლასელებს ბუკებს ყოველთვის კომპანია "ალგორითმი" უმზადებდა).
"იუ-ჯი-თის" პირველი ტენდერის დროს დისკვალიფიკაცია მისცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ. საბუთებიც მოუწესრიგებელი ჰქონდა და ეგზემპლარიც წუნიანი იყო. როდესაც დისკვალიფიკაცია ენიჭება ერთ კომპანიას, ავტომატურად მეორე იმარჯვებს, ამ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდა. ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის დისკვალიფიკაციის გამო რეალური გამარჯვებულები ჩვენ ვიყავით. ტენდერი შეწყვიტეს, რაც სრულიად უკანონო იყო. 2 ივლისს შეწყდა ტენდერი და 3 ივლისს თურმე ბაზარზე შეცვლილა სიტუაცია ფასის გამო. "იუ-ჯი-თის" გამარჯვება გამოიწვია იმან, რომ ფასების ცვლილებები მოხდა. დაახლოებით 400 ათასი ლარით იაფი ფასი დაფიქსირდა, თუმცა "იუ-ჯი-თი"-მ ისევ დისკვალიფიცირებულ მოდელზე შეიტანა განაცხადი", _ ამბობს გიორგი კორახაშვილი და დეტალურად საუბრობს თავისი კომპანიის მიერ დამზადებული ტექნიკის უპირატესობებზე:
"ჩვენი პროდუქტი სპეციალიზირებულია ბავშვებისთვის. ბუკებს კუთხეებიც კი არ უნდა ჰქონდეს. გარე კარკასი, რომელიც კაუჩუკს და რეზინას შეიცავს, ნებისმიერ ვარდნას და დარტყმას, წყალს და წვიმას უძლებს. 5 და 6 წლის ბავშვისთვის, რომელმაც სკოლაში უნდა ატაროს ეს კომპიუტერი აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს. ჩვენი კონკურენტის ნეთბუქი კი ჩვეულებრივია.
სამინისტროს მოთხოვნებში ჰქონდა, რომ 70 სმ-დან ვარდნის ტესტი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მათ ეს ტესტი ვერ წარმოადგინეს. არამარტო ეს წუნი ჰქონდა მათ პროდუქტს. იქ იყო კლავიატურის, მაუსის პრობლემა, მერე აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა კონფიგურაცია იყო. მათ არანაირი გამოცდილება არ აქვთ ჩვენგან განსხვავებით, მსგავსი ტიპის ტექნიკის დამზადების. ჩვენ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, რომ ეს პროექტი არსებობს. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელები ვართ ჩვენ და მაშინდელი განათლების სამინისტრო. პროექტში რომ რაღაც ჩავარდნა მოხდეს, არავის გაახსენდება მათი შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომა. პროექტის დისკრედიტაცია მოხდება, მეტი – არაფერი.
კომპიუტერის დაზიანებაზე გარანტია არ არსებობს, გარანტია არსებობს მხოლოდ ქარხნულ წუნზე. 5- 6 წლის ბავშვი თუ დააზიანებს კომპიუტერს, ის მშობლის გადასახდელი იქნება და ეს მოხდება მასობრივად, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვეულებრივი, არასპეციალიზებული კომპიუტერი მივცეთ 5 – 6 წლის ბავშვს. არ არსებობს, რომ პირველკლასელმა იხმაროს დაზიანებების გარეშე. კი ამბობენ, რომ ჩვენი პირველკლასელები ველურები არ არიან. ველური რა შუაშია! ზოგჯერ ამ ნეთბუქებით ერთმანეთს ეჩხუბებიან. ახლა ამ დაზიანების ყველა ტვირთი აეკიდება მშობელს", _ ამბობს კორახაშვილი.
იქნება თუ არა პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ტექნიკა მოთხოვნების შესაბამისი და ჰქონდა თუ არა კომპანია "იუ – ჯი – თი" – ს დოკუმენტაციაში ხარვეზები, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" კომპანიის გენერალური დირექტორს ერმილე სულაძეს დაუკავშირდა:
_ გიორგი კორახაშვილი აცხადებს, რომ თქვენი ნეთბუქები, რომლებიც პირველკლასელებს უნდა დაუმზადოთ, არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც სახელმწიფომ ტენდერის პირობებში წარმოადგინა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, კორახაშვილმა წააგო ტენდერი და ახლა არარეალურ მითებს ქმნის. არსებობდა სპეციალური კომისია, რომელმაც ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნიმუში შეამოწმა.
_ ექსპერტიზაზე როდესაც გავიდა თქვენი მოდელები, დადებითი დასკვნა მიიღეთ, მაგრამ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით არსებობდა ხარვეზები, ამის გამო მოგეცათ დისკვალიფიკაცია. არსებობდა კლავიატურის, მაუსის პრობლემები, დაცემის კუთხე არ იყო შემოწმებული. ახლა როდესაც მოგაკუთვნეს პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დამზადების უფლება, თუ გამოასწორეთ ეს ხარვეზები?
_ დოკუმენტაციაში კი არ არსებობდა პრობლემები, პრობლემა ჰქონდა მოდემს. გამზადებული მოდემის ჩამოტანა მოგვიანებით მოხერხდა და ხარვეზი უკვე აღარ აქვს. სამხარაულის ექსპერტიზამაც შეაფასა, რომ ეს ძალიან მარტივი გამოსასწორებელი ხარვეზია. ამის გამო არ დაგვიწუნა მოდელი, შემდეგ ჩამოვიდა სრულყოფილი პროდუქტი, ზუსტად ისეთი, რომელიც იქნება დარიგებული.
_ ანუ დაცემის კუთხე გათვალისწინებულია და ადვილად არ დაზიანდება მოსწავლის კომპიუტერები?
_ დაცემასთან, მდგრადობასთან დაკავშირებით ტენდერის პირობებს აბსოლუტურად ვაკმაყოფილებთ.
_ თქვენ ფასი შეამცირეთ და რამდენად შესაძლებელია, დაკლებული ფასით ხარისხიანი პროდუქტის მიღება?
_ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მეტია ფასი, ხარისხიც უკეთესია. მაგრამ ასე თუ ავყევით, შეიძლება უსასრულობამდე მივიდეთ. მთავარია, ფასის და ხარისხის კომპონენტი იყოს შესაბამისი. რაც იყო მოთხოვნილი ტენდერის მიხედვით, იმ ხარისხის პროდუქტი შევთავაზეთ მაქსიმალურად იაფად. ფაქტობრივად, ეს იყო მწარმოებლის ძალისხმევა, რომელმაც უნიკალური ფასი დადო. თვითონ კორახაშვილმა წარმოადგინა ისეთი პროდუქტი, რომლის ფასი იყო მაღალი, მაგრამ ხარისხიც უარესი. რა თქმა უნდა, ფასი რომ იყოს 10-ჯერ მეტი, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზება შეიძლება.
_ უკვე დაწყებული გაქვთ მუშაობა კომპიუტერების დამზადებაზე?
_ წარმოებაში უკვე ჩაშვებულია და ძალიან მალე დამზადდება, იმიტომ რომ დრო არის ძალიან მცირე, კორახაშვილის საჩივრებმა გამოიწვია პროცესის გაჭიანურება, ახლა ყოველი დღე ძვირფასია, 15 სექტემბრამდე მოსწავლეებმა რომ მიიღონ კომპიუტერები. რაც შეეხება საგარანტიო პირობებს, ჩვენ გვაქვს საქართველოში კომპიუტერების ყველაზე დიდი სერვის ცენტრი. ტექნიკა შეძენილია 1-წლიანი საგარანტიო პირობებით. 1 წლის მანძილზე, დაზიანების შემთხვევაში, კომპიუტერი გამოიცვლება უფასოდ. არ მოხდება ისე, რომ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაში ვინმემ ფული აიღოს. თუ ეს არ არის სპეციალური ძალისმიერი დაზიანება.
_ სწორედ ისაა საქმე, რომ მოსწავლეებს უზიანდებათ, ვერ უფრთხილდებიან საკმარისად ტექნიკას და არ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებულად დაცული უნდა იყოს მათი ნეთბუქები?
_ რა თქმა უნდა, ეს ნეთბუქი მეტად არის დაცული, ვიდრე სტანდარტული კომპიუტერები, მაგრამ არ არსებობს ისეთი ტექნიკა, გარკვეულ პირობებში რომ არ დაზიანდეს, ასეთი სტანდარტი არ არსებობს.
დავამატებდი, რომ ბიზნესს აქვს თავისი ეთიკა, რასაც კორახაშვილი აკეთებს, ეს არის არასწორი. ტენდერი ბევრი წამიგია, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი არ ამიტეხავს, ბავშვურ ჭინჭყლობას ჰგავს მისი ეს საქციელი.