ბახმარო მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც მხარეში _ ჩოხატაურში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით.
ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.
კურორტის განსაკუთრებული კლიმატური თავისებურებები: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – 5,2°c), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – 13,4°c). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73 %. ბახმარო სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა ისეთი დაავადებებისათვის, როგორებიცაა: სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი, სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი _ ივნისი-სექტემბერი.
კურორტის აღმოსავლეთით მდებარე მთა _ გადრეკილი მოხერხებული ადგილია მზის ამოსვლის სანახავად. ბახმაროში ყოველწლიურად 6-10 ათასამდე დამსვენებელი ისვენებს.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კურორტ ბახმაროში სათავეს იღებს სეზონის დასრულების აღსანიშნავი ტრადიციული დოღი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ცხენოსნები. ამ დროს კურორტ ბახმაროში თავს იყრიან, როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები, რომელთა საერთო რაოდენობა ზოგჯერ 7 000 აღემატება. ხდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ გურული სამზარეულო. ღონისძიების ბოლოს იმართება დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი მხატვრული კოლექტივები და მოწვეული ცნობილი ქართველი ვარსკვლავები.
წლევანდელ საკურორტო სეზონს ბახმარო განსაკუთრებული სიახლით შეხვდა _ პირველად კურორტის ისტორიაში სასტუმრო "ბახმარომ" ფუნქციონირება დაიწყო.
კეთილმოწყობილი ნომრები და ინფრასტრუქტურა, როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ დამსვენებელს იზიდავს:
_ სასტუმრო სგახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს კურორტზე ინვესტიციებს მოიზიდავს. როგორც ვიცი, ინვესტორების დაინტერესდება იზრდება და მივესალმები თუ ბახმაროში მსგავსი ობიექტები კიდევ გაიხსნება. სასტუმრო "ბახმაროში" უკვე ყველა ნომერი დაჯავშნილია, _ ამბობს ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია.
საჯაია ბახმაროს ყველა დამსვენებლის ჭირისუფლად ითვლება. ყველა პრობლემის შესახებ პირველად მას ურეკავენ, ისიც ცდილობს, რომ ყველას დაეხმაროს, კურორტზე მისულ დამსვენებელს ღიმილით ეგებება და ხშირ შემთხვევაში, მეგზურობასაც უწევს.
_ ბახმაროს მართლაც კარგი ადმინისტრაცია ჰყავს. ბატონი დავითი მაქსიმალურად ცდილობს ყველა პრობლემის მოგვარებას და მუდამ ხალხის გვერდითაა, _ ამბობენ დამსვენებლები.
წლევანდელ სეზონზე ბახმაროში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყვეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის რეზერვუარებს. დაიდგა ახალი ურნები და საპირფარეშოები.
_ მართალია, პატარა პრობლემებიც გვაქვს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვაგვაროთ. სტიქიამ კურორტზე ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზებიც დააზიანა, რომელიც ერთ დღეში აღდგა. დაზიანდა რამდენიმე ქუჩა, რომლის აღგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე უბანს პრობლემურად მიეწოდება წყალიც, თუმცა, ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს მის აღმოსაფხვრელად, _ ამბობს დავით საჯაია.
მისივე ინფორმაციით, დაწყებულია ინტენსიური მუშაობა, რომ ენერგო პრო ჯორჯიამ კურორტზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყოს.
ბახმაროს ადმინისტრაცია ტრადიციული დღესასწაულის _ ფერისცვალების აღსანიშნავადაც ემზადება.
_ ველოდებით სტუმრებს, რომ უკეთ გავაცნოთ გურიის სიამაყე _ ბახმარო. კურორტი, რომელსაც ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი, _ დასძენს საჯაია, რომელიც ყოველდღე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ათასობით დამსვენებელს უფრო კარგი პირობები შეუქმნას.
(R)
.