"კაზანტიპი" _ იმიტირებული ქვეყანა. "კაზანტიპის ერი" 22 წლის წინ დაარსდა, რომლის "პატარა პრეზიდენტი" ნიკიტა I (მარშუნოკი) ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია.
2014 წელს, საქართველო, კერძოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან 30 000 -მდე სტუმარს ელოდება.
როგორც ფესტივლის ორგანიზატორებმა გვითხრეს, იმიტირებულ ქალაქში 100 ბიოტუალეტი იქნება, ანუ ერთი ბიოტუალეტით 300 ადამიანი ისარგებლებს.
ვინ არის საქართველოში ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივლის _ "კაზანტიპის" ორგანიზატორი, ამ კითხვით "გურია ნიუსი" ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. იქ გვითხრეს, რომ "კაზანტიპის" ფესტივლის ორგანიზებაში არ იღებენ მონაწილეობას და მოგვაწოდეს კონკრეტული პიროვნების ნომერი, ვისგანაც შეგვეძლო პასუხების მიღება:
"რაც შეეხება კითხვებს "კაზანტიპის" თაობაზე, სამწუხაროდ, ჩვენ მათზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ ვართ ჩართული პროექტის ორგანიზებაში. სამაგიეროდ შეგვიძლია მოგაწოდოთ საკონტაქტო პირის ნომერი: დარია ლიხოვიტსკაია, 5XXXXXXXX"-
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ქალბატონ დარიას, რომელმაც ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სხვა პირთან გადაგვამისამართა. 10-დღიანი ლოდინის შემდეგ ფესტივლის პრესსამსახურიდან მივიღეთ პასუხი. თუმცა, პირმა, რომელმაც ოფიციალურ წერილზე გაგვცა პასუხი, ინკოგნიტოდ დარჩება ისურვა.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის "კაზანტიპის" პრესამსახურის პასუხს.
_ ვინ არის ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივლის (კაზანტიპის) ორგანიზატორი?
_ პროექტის ავტორი და შეუცვლელი იდეოლოგია ნიკიტა მარშუნოკი. დასახელებული როგორც დიდებული კაზანტიპელი ერის პატარა პრეზიდენტი _ ნიკიტა პირველი. ამას გარდა, პროექტის ორგანიზატორია ინტერნაციონალური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ უკვე წარმოდგენს "კაზანტიპის" რესპუბლიკის მთავრობას და მინისტრთა კაბინეტს. იმისათვის, რომ პროექტი შედგეს და წარმატებული გამოვიდეს, აღნიშნული ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, დღეში 24 საათი მუშაობს.
_ რა ჯდება ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივლის ჩატარება?
_ ეს შიდა დახურული ინფორმაციაა და არასოდეს არ ხმაურდება.
_ რამდენი სტუმარი ეწვევა საქართველოს?
_ წელს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში, მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 30 000-მდე სტუმარს ელოდებიან.
_ რატომ შეირჩა "კაზანტიპის" მუსიკალური ფესტივლისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრშია?
_ ანაკლია უნიკალური რეგიონია, უდიდესი პოტენციალით. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ რესპუბლიკა "კაზანტიპის" წარმომადგენლები საქართველოში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. ორგანიზატორებს არა ერთხელ აღუნიშნავთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა უმაღლეს ხარისხშია აყვანილი და საკმაოდ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა. მათთვის, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხარდაჭერა და პოლიციის ლოიალური დამოკიდებულება. ბოლოს კი, ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, სწორედ იმ ინფრასტრუქტურით დახვდა პროექტის ორგანიზატორებს, რაც ფესტივალს ესაჭიროება და რაც მას უფრო გრანდიოზულს და მომხიბვლელს წარმოაჩენს.
_ ვინ უზრუნველყოფს "კაზანტიპის" მუსიკალური ფესტივლის უსაფრთხოებას?
_ ფესტივლის მიმდინარეობის პერიოდში, ადგილზე მობილიზებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის 1 000-მდე წარმომადგენელი.
_ როგორც "გური ნიუსისთვის" არის ცნობილი, სოფელი ანაკლია ფესტივლის მიმდინარეობის პერიოდში ჩაიკეტება, ადგილობრივებს კი დაურიგდებათ საშვები. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, 20-დან 30 აგვისტომდე, ანაკლიის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვიზის, ე. წ. ბილეთის საშუალებით. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათი დიდი ნაწილი ჩართული და დასაქმებულია თვითონ პროექტის მომზადების პროცესში, თუმცა, ვიზები დარიგებული არ იქნება. ტერიტორიაზე შესასვლელად საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა და ვიზის ყიდვა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი და უკრაინელი გოგონები, წინასწარი დარეგისტრირების შემთხვევაში, ტერიტორიაზე უფასოდ მოხვდებიან.
_ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს თუ არა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის შემუშავებული მედიასთან ურთიერთობის განსაკუთრებული, დამატებითი ფორმები?
_ არაფერი განსაკუთრებული და დამატებითი. ადგილზე მუშაობს მედიასთან ურთიერთობის სამსახური და ყველა ინფორმაცია მათთან გროვდება და მათგანვე გაიცემა.
_ როგორ მოხდება მედია საშუალებებისთვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივლის დასწრებაზე აკრედიტაციის მიღება?
_ მედიასაშუალების ნებისმიერ წარმომადგენელს საშუალება აქვს წინასწარ დარეგისტრირდეს, მიიღოს აკრედიტაცია და მოხვდეს ფესტივალზე. აკრედიტაციის გაცემის ბოლო ვადაა 10 აგვისტო.
_ რა ეღირება რესტორნებისთვის და ბარებისთვის "კაზანტიპზე" განთავსების ღირებულება? _ არენდის ღირებულება 1 ლარია. თუმცა, არსებობს უმთავრესი მოთხოვნა _ წარმოდგენილი უნდა იყოს ხარისხიანი და ლამაზი პროექტი, ისეთი, როგორიც ორგანიზატორებს დააინტერესებთ და მათ ფორმატში ჩაჯდება. ანუ, ვიზუალით და შინაარსითაც ფესტივალის იდეურ საზღვრებს უნდა შეესაბამებოდეს. რაც შეეხება უკვე მშენებარე პროექტებს, მათ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მისამართზე: http://kazantip-republic.com/colonization.
_ თუ მოეწყობა სპეციალური კოტეჯები, რამდენადაა სასტუმროები სტუმრების განთავსებისთვის მზად, რა ეღირება სასტუმროს ნომრები, რა რაოდენობის "საწოლი" იქნება ჯამში?
_ ტერიტორიაზე განთავსდება უამრავი კარავი, სადაც იცხოვრებენ სტუმრები. იქმნება ე. წ. კარვების ქალაქი. დეტალურად, თუ რა ტერიტორიას მოიცავს ფესტივალი, ნახავთ ამ მისამართზე: http://kazantip-republic.com/rooms.
რაც შეეხება კერძო სექტორს, პროექტის ხელმძღვანელობა მათ საქმიანობაში არ ერევა.
_ რა მოცულობის შემოსავალს ვარაუდობს ტურიზმის ადმინისტრაცია აღნიშნული ღონისძიებიდან?
_ მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაცია არა, მთლიანად საქართველო, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.
_ არის თუ არა ე.წ. "კაზანტიპის" ქალაქისთვის საკმარისი ბიოტუალეტების რაოდენობა?
_ რაც შეეხება ბიოტუალეტებს, მთლიანობაში მათი რაოდენობა არის 100-ია. აქედან 50 _ ქალის და 50 _ კაცის.
_ არიან თუ არა "კაზანტიპის" ორგანიზატორები მზად სტუმრების მისაღებად?
_ მზადყოფნა აბსოლუტურია! აქვე დავამატებ, რომ რესპუბლიკა "კაზანტიპი" უნიკალური მოვლენაა, 22-წლიანი ისტორიით, რომელიც ყოვეწლიურად უფრო და უფრო იცვლება და იხვეწება. მის შედეგად შეიქმნა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სპორტული, კულტურული და მუსიკალური ღონისძიებების ერთობლიობა.
რესპუბლიკა "კაზანტიპი" ჯადოსნური ადგილია, სადაც ხარ აბსოლუტურად თავისუფალი და სრულდება ყველა შენი ოცნება!!!