"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შედის.
როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია ნათქვამი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.
საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.