ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო. მისი თქმით, უახლოეს დღეებში მოხდება გამგებლის წარმომადგენლების დანიშვნა სოფლებში. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ სოფელს გამგებლის ერთი წარმომადგენელი ეყოლება, რაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილებას იწვევს.
_ შეიძლება პატარა სოფელს ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი, მაგრამ დიდ სოფლებს, სადაც რამდენიმე თემია გაერთიანებული, ვინ მოგვხედავს, ერთი კაცი?! ეს შეუძლებელია. ათობით ადამიანი იყო დასაქმებული რწმუნებულის აპარატში და ისინი ვერ გვეხმარებოდნენ ისე, როგორც საჭიროა, ახლა ერთი კაცი გააკეთებს ყველაფერს? _ ამბობენ ჩვენთან საუბარში ლანჩხუთელები.
ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, სოფლის წარმომადგენლობას დაემატოს შტატი.
_ ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამგებელს ერთი წარმომადგენელი ეყოლება. სანამ სოფლებში წარმომადგენლები დაინიშნებიან, მინდა საკრებულოს დეპუტატებს გთხოვოთ, რომ სოფელს მიაქციოთ ყურადღება. მაგრამ ეს ისე არ გაიგოთ, რომ შემდეგ არ უნდა მიაქციოთ სოფელს ყურადღება. სექტემბრიდან დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ერთიანად უნდა მოვახერხოთ პრობლემების გადაჭრა, _ თქვა ზაზა ურუშაძემ საკრებულოს სხდომაზე.