ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო.
"გამომდინარე იქედან, რომ ოზურგეთმა მოიპოვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – ჩემი, როგორც მერის და თითოეული თანამშრომლის საზრუნავი ქალაქის განვითარება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ინვესტიციების მოზიდვა, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცხოვრების აღორძინება, ყველაზე მთავარი მიზანი კი სოციალური პრობლემების გადაჭრა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა მოსახლეობასთან, მათთან ერთად ჩვენ შევიმუშავებთ ქალაქის განვითარების გეგმას, რომელიც მთლიანად მათ მოთხოვნებზე იქნება დამყარებული, ასევე ვაპირებთ საზოგადოებრივი დარბაზის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, როგორც წინასაარჩევნოდ ბევრჯერ ითქვა – თითოეული თანამშრომელი დაინიშნება კონკურსის წესით, კონკურსის ჩატარების ვადა განსაზღვრულია 1 ოქტომბრამდე. ჩემი დიდი სურვილი იქნება მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს ჟურნალისტებთან, ჩვენს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია.
ჩვენი საქმიანობა იქნება ღია და გამჭვირვალე მედიისა და მოსახლეობისათვის. თქვენ გექნებათ ინფორმაცია ჩვენს მიერ დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმიანი ურთიერთობა სასიამოვნოდ წარიმართებ". _ თქვა შეხვედრაზე ბეგლარ სიორიძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, სად განთავსდება მერიის შენობა უახლოეს მომავალში, ბეგლარ სიორიძემ გვიპასუხა:
"ამ წუთებში ოთახებთან დაკავშირებით არის პრობლემები, რადგან ერთ შენობაში გვიწევს მერიის, გამგეობის და გუბერნიის წარმომადგენლებს მუშაობა. არის იდეაში, მერიის შენობა სასტუმრო "გურია" გახდეს, სადაც მერიის ყველა სამსახური და თანამშრომელი გადავა", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.