"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "დია" გუნდმა დატოვა.
"დიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო ჩიბჩიურის ინფორმაციით, ტელევიზია დატოვეს ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ, ტექნიკურმა პერსონალმა.
"ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი ის სამუშაო ხელშეკრულებები გახდა, რომელიც ტელევიზიის ხელმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა მათ ხელმოსაწერად გადასცა და ულტიმატუმის ფონზე ითხოვდა, დათანხმებოდნენ იმ პირობებს, რაც მის ინტერესებში შედიოდა, რაზეც მთლიანი გუნდისგან ერთხმად უარი მიიღო.
ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პირობებს გაეცნენ, არაერთი პუნქტი მიუღებელი აღმოჩნდა.
ამასთან, კონსულტაციები სხვადასხვა იურისტებთანაც გაიარეს, რის შედეგადაც ისინიც შოკირებულები დარჩნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, თანამშრომლები ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას და ხელმძღვანელობას სთხოვდნენ ორივე მხარის მოვალეობები ნათლად ყოფილიყო განსაზღვრული.
ასევე, ხელშეკრულებაში ეთიკის ქარტიის პრინციპებისა და მაუწყებლის ქცევის კოდექსის დაცვა შეეტანათ, რაზეც უარი მივიღეთ", _ ამბობს ნინო ჩიბჩიური.
"დიას" ჟურნალისტები კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამენ და ხელშეკრულებაში მოყვანილ პუნქტებს ტელევიზიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
"გურია ნიუსი" ცდილობს, ტელევიზიის ხელმძღვანელთან მაია ტატულაშვილთან დაკავშირებას და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.