ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, შპს "მედალფაში", ბოლო ორი დღის განმავლობაში, ორი ახალშობილი გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ 2 წლის ბავშვი, ერთი თვის წინ კი მშობიარე ქალი.
როგორც გარდაცვლილი ახალშობილების მშობლები "გურია ნიუსთან" აცხადებენ, გაჩუმებას არ აპირებენ და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებას სთხოვენ.
ირაკლი გიორგაძე, გარდაცვლილი ახალშობილის მამა: "მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, არანაირად".
ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა, 38 წლის ლეილა ჟღენტმა, სამშობიარო ტკივილით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს, წუხელ, ღამის 12 საათზე მიმართა.
ლეილა ჟღენტის და, "გურია ნიუსთან" ყვება:
"გუშინ წამოვიდა ჩემი და ექოსკოპიის გადასაღებად, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. გვაქვს ამის დამადასტურებული საბუთი, ბავშვი 3,5 კილოგრამს იწონიდა, ჯანმრთელი და საღი იყო. ჩემს დას მუცელი წუხელ ატკივდა და აქ მოვიყვანეთ. პირად ექიმს სთხოვდა, რომ საკეისრო კვეთა გაეკეთებინა, მაგრამ მან უთხრა, რომ არ გინდა საკეისროო. პირადი ექიმი იყო მარინა გორდელაძე", _ აღნიშნავს მშობიარეს და.
"გუშინ კიდევ იყო შემთხვევა, გარდაიცვალა ახალშობილი, დედა ელოდება პალატაში, ახლა შემომიყვანენ პატარასო და უმალავენ და ეუბნებიან, ბავშვი ქუთაისშია გადაყვანილიო, ჩემს დას კი პირდაპირ მიახალეს, მოკვდა შენი ბავშვიო. გაგვცენ პასუხი, შეგვხვდეს უფროსი, ვინაა პასუხისმგებელი?! არავინ პასუხს არ გვაძლევს, წუხანდელს მერე აქ ვდგავართ და არავინ არაფრად გვაგდებს.
სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ჩემს დას მუცელში ჩაუკლეს. ვითხოვთ ამაზე, გაგვცენ პასუხი, საკეისრო არ გაუკეთეს. მთელი ღამე პასუხს ველოდებოდით. შიგნით არ გვიშვებენ, ჩემმა დამ დამირეკა, შვილი მომიკლესო.
ასეთი განუკითხაობა არსად არაა, ვინ მფარველობს ამ პიროვნებას? არ გავჩერდებით, გამოიძინოს ეს საქმე".
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცხოვრები გივი მორჩილაძე, „გურია ნიუსთან" თავისი ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს.
"მე ბავშვი გუშინ მომიკვდა, ახალშობილი. ჩემს მეუღლეს ვერ ვეუბნები, რომ შვილი არ ჰყავს. ორივეს ერთნაირ დიაგნოზს გვეუბნებიან. შეიძლება, ორ ღამეში ორი ახალშობილი მოკვდეს და ისიც ერთი და იმავე ექიმის ხელში?"
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორ, დავით მდინარაძე:
"ექიმი იყო მარინა გორდელაძე, შემოვიდა მშობიარე ქალბატონი, 37 წლის, ღამის 12 საათზე. უნდა ემშობიარა ბუნებრივად, ყველაფერი მიმდინარეობდა ნორმალურად და დაახლოებით ამ დილის 6 -ის ნახევარზე, იმშობიარა მკვდარი ნაყოფით"
_ბატონო დავით, გარდაცვლილი ახალშობილების ოჯახის წევრები, ორივე შემთხვევას ექიმის დაუდევრობას აბრალებენ…
_ რაში გამოიხატება ექიმის დაუდევრობა, მე არ ვიცი. მორიგე ექიმი იყო მაია ჩხაიძე, პირადი ექიმი იყო მარინა გორდელაძე, რომელიც აქვე იყო დილიდან, რას ეძახიან დაუდევრობას? სოფელ აკეთში მცხოვრებ მოქალაქესთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა, წონაში ჰქონდა პრობლემა, იყო პათოლოგია და ამიტომ მოხდა ეს შემთხვევა.
ასე ბევრ რამეს ამბობენ, მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. ჭორის დონეზე არაფერი არ მაინტერესებს. გაგზავნილია პათოლოგ-ანატომიის დასკვნისთვის, დაიდება დასკვნა და და იქედან გამოჩნდება, ვინ რას ამბობს! მე მესმის ოჯახებისთვის ეს ტრაგედიაა, მაგრამ ასე ხელაღებით ვიღაცას რაიმე დააბრალო, არ შეიძლება.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ექიმ მარინა გორდელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთების სურვილი არ აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პოზიციას, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.