გურიაში ისევ წყალდიდობაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ყანები.
ამ დროის მონაცემებით, დაბა ჩოხატაურში რამდენიმე სახლის პირველი სართული და მაღაზიებია დატბორილი.
გამგეობაში შექმნილია საგანგებო შტაბი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ჯერჯერობით სოფლებიდან ინფორმაცია არ მოსულა:
_ დაბაში რამდენიმე სახლი დაიტბორა, ასევე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში წყალი შევარდა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
სტიქიას ებრძვიან ოზურგეთშიც._ პატარა მდინარეები ადიდებულია, დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
წვიმამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთშიც. გამგებელ ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან გასულები და სიტუაციას სწავლობენ
გურიის სამივე მუნიციპალიტეტი მუშაობის საგანგებო რეჟიმშია გადასული.