"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გუშინ ოზურგეთელმა გ.მ-მ შენობის სამი მინა ჩაამსხვრია.
ამ ფაქტს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე ადასტურებს, მაგრამ კონკრეტულად თუ რა მიზეზით ჩაამტვრია გ.მ-მ მინა, ამის შესახებ საუბრისგან თავს იკავებს.
"ეს პიროვნება დაკავებულია, მან ადმინისტრაციული შენობის სამი მინა ჩაამსხვრია ქვით. არ ვიცი ნამდვილად რა მიზეზით გააკეთა ეს", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გ.მ-ს დაკავება მოახერხეს და მიმდინარეობს საქმის გამოძიება.