სამწუხაროდ, გურია და შესაბამისად ლანჩხუთიც იმ რეგიონთა ჩამონათვალშია, სადაც სიკვდილიანობა ბევრად აღემატება შობადობას.
ქვეყნის პრემიერის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი მატების არმქონე რეგიონებში მცხოვრებლები, რომელთაც, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან მოყოლებული, შეეძინებათ მესამე ან შემდგომი შვილი, დახმარების სახით ყოველთვიურად მიიღებენ 150 ლარს, ასეთი კი, ჯერჯერობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 21 ოჯახია.
ქალბატონი ვერიკო, რომელიც 31 წლისაა და რამდენიმე თვეში მესამე შვილს ელოდება ამბობს: "კარგია, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებობს ნება, დაეხმაროს და სტიმული მისცეს ოჯახებს, იყოლიონ, რაც შეიძლება მეტი შვილი. თუმცა, თუ დღევანდელი სამომხმარებლო კალათით ვიმსჯელებთ, 150 ლარი ნამდვილად არ შეუწყობს ხელს შობადობის ზრდას. მარტო მედიკამენტებზე რომ ვიმსჯელოთ, იმდენად ძვირია წამალი, 150 ლარს ერთ შესვლაზე დატოვებ აფთიაქში. თუმცა, არ მინდა, ვინმემ უმადურად ჩამთვალოს _ ეს თანხა ბევრს მისცემს შეღავათს."