ქალაქ ოზურგეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უსასყიდლოდ ეტლები გადაეცათ. აქცია, არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოებრივი აზრის“ და ფონდის "სიცოცხლის ხე" ინიციატივით ჩატარდა.
ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის თქმით, ამ ეტაპზე 20 ბენეფიციარს გადაეცა ახალი ეტლები და მომავალში ეს აქცია კიდევ გაგრძელდება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ აქციას და შევადგინეთ იმ ბენეფიციარების სია, რომლებსაც სჭირდებოდათ ეტლები. თუ ამ ეტაპზე 20 ეტლის ჩამოტანა მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, ვიცი, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე, ეს ციფრი გაიზრდება", _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.
მიხეილ დიაკონიძე, "საზოგადოებრივი აზრის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი აქცია უკვე ჩატარდა რამდენიმე ქალაქში.
"მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხშირად ვახორციელებთ, ვიცი, რომ ეს 20 ეტლი არ აკმაყოფილებს ყველას, მაგრამ მომავალში კიდევ იგეგმება ოზურგეთში ჩამოსვლას", – თქვა მიხეილ დიაკონიძემ.