თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, მეორე დღეა, გია გუგუშვილის რექტორად არჩევას აპროტესტებენ. ისინი აკადემიის შენობასთან დღეს დილიდან მივიდნენ და რექტორობის ხელახალი არჩევნების გამართვა მოითხოვეს.
"დღეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არ ეკუთვნის სტუდენტებსა და ლექტორებს! აკადემიაში არ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი; არ არსებობს თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე; სასწავლო პროგრამები ვადაგასულია; არ არსებობს აკადემიური თავისუფლება; ხელოვნება ხელობადაა გადაქცეული; განსაზღვრული ჯგუფი სტუდენტებისა და ლექტორებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს; სტუდენტებში კლავენ თავისუფალ აზრს, შემოქმედებით უნარს და ეს აკადემიის უმთავრეს მიზნად აქციეს. დახურულ კარს მიღმა "აფასებენ" სტუდენტებს და მათ არ აძლევენ საშუალებას დაიცვან საკუთარი ნაშრომი. დახურულ კარს მიღმა ირჩევენ რექტორს, რომელსაც არაერთი თანამდებობა ეკავა, თუმცა მის მრავალწლიან "მოღვაწეობას" აკადემიისთვის შედეგი არ მოუტანია.
დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტეს არ მიეღოთ ლექტორი, რომელმაც სტუდენტებთან ერთად საჯაროდ გააპროტესტა აკადემიაში არსებული მდგომარეობა. აკადემიამ, როგორც უმაღლესმა სახელოვნებო სასწავლებელმა ფუნქცია დაკარგა. უნდობლობას ვუცხადებთ რექტორის არჩევნების შედეგებსა და საკონსკურსო კომისიას. ეს არ არის მხოლოდ აკადემიის პრობლემა, ესაა პრობლემა, რომელიც არსებობს მთელ საგანმანათლებლო სისტემაში", _ ასეთი მოწოდება გაავრცელეს სტუდენტებმა აქციის გამართვამდე სოციალურ ქსელში.
აქციაზე მისულ აკადემიის სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და სამხატვრო აკადემიის რექტორის კაბინეტი დაიკავეს.
"დილიდან აკადემიაში ვართ და რექტორი არ გვხვდება. გადავწყვიტეთ კაბინეტში შემოსვლა. შემოვედით, დავიკავეთ და არ ვაპირებთ გასვლას დღის ბოლომდე, სანამ რექტორი არ მოვა და ჩვენს კითხვებზე არ გაგვცემს პასუხს. ჩვენთან ახლა თსუს სტუდენტებიც არიან. ველოდებით ხელოვნებთმცოდნეების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მოსვლას", _ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აკადემიის კურსდამთავრებულმა ნატალია ნებიერიძემ.
_რატომ მოითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას?
_სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციამ შეიმუშავა მუხლი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ აქტიურ პროფესორებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ვფიქრობთ, ეს ამცირებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც არჩევნებში სურთ ჩართვა. არცერთი უნივერსიტეტის წესდებაში არ წერია ასეთი რამ. აკადემიის ადმინისტრაციამ სპეციალურად შეცვალა ეს პუნქტი, სამინისტრომაც მოაწერა ხელი და მხოლოდ ორ კანდიდატს, გია გუგუშვილს და ნანა იაშვილს შეეძლო ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვინდა, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მათი ხედვების საჯარო განხილვა მოხდეს და მერე გადაწყდეს, ვინ გახდება აკადემიის რექტორი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რექტორს.
_თქვენ ფიქრობთ, რომ კანონი შეცვალეს იმისთვის, რომ გია გუგუშვილს გაემარჯვებინა?
_ აკადემიის ადმინისტრაციამ შეცვალა კანონი, იმისთვის რომ გია ეძგვერაძეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და გია გუგუშვილს გაემარჯვებინა.
_სტუდენტებს ახალი არჩეული რექტორის საწინააღმდეგო რა გაქვთ? რატომ უპირისპირდებით?
_ჩვენ ვიცით ამ ადამიანის გამოცდილება. ჩემი პროფესორი იყო პირადად. ამ ადამიანს სიახლის მოტანა, უბრალოდ, არ შეუძლია. კი იძახის რომ ცვლილებებს განახორციელებს და ახალ მეთოდოლოგიებს დანერგავს, მაგრამ მას არ აქვს გამოცდილება, როგორ ისწავლება საერთოდ, ხელოვნება. თვითონაც საბჭოთა მეთოდოლოგიით გვასწავლიდა.
_არჩევნებში მონაწილე მეორე კანდიდატზე რას იტყვით?
_მეორე იყო ნანა იაშვილი, მაგრამ ჩვენ არც მას ვუჭერდით მხარს. მას ჰგონია, რომ აკადემიაში ცვლილებები განახორციელა იმით, რომ ჩამოაყალიბა ახალი ფაკულტეტი, სადაც ისწავლება მხოლოდ გრაფიკული პროგრამები. ყველამ კარგად ვიცით, რომ გრაფიკას ისწავლი მაქსიმუმ 4 თვეში და ამას არ სჭირდება 4 წელი.
_სტუდენტებს რომელი კანდიდატის არჩევა გინდოდათ?
_ჩვენ დავასახელეთ ჩვენი კანდიდატი გია ეძგვერაძე, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცეს. როდესაც ლექტორის არჩევნებზე შემოიტანა განაცხადი, მაშინაც არ გაამარჯვებინეს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა რექტორობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ლუიზა ლაფერაძეს ვუჭერთ ასევე მხარს, რომელიც ჩვენი გვერდში დგომისთვის არ მიიღეს აკადემიაში.
_თქვენი აზრით, რატომ არ გხვდებათ ახლადარჩეული რექტორი?
_გუშინ ძალიან დიდი ხანი ვეძახეთ, ვუკაკუნეთ და მოვახერხეთ, რომ გამოგვეყვანა. გვითხრა, რომ შეგვხვდება დახურულ კარს მიღმა და გველაპარაკება ისეთ თემებზე, რომელიც ჟურნალისტებს არ ეხებათ. ჩვენ მასთან მხოლოდ საჯარო შეხვედრას ვითხოვთ. დახურულ კარს მიღმა შეხვედრას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, როგორც აკადემიაში, ასევე სამინისტროში და არ გავჩერდებით მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნებს არ მივაღწევთ.
ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩვენ ნატალია ნებიერიძეს ისევ დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ რექტორს აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებთან ამ წუთებში შეხვედრა აქვს, თუმცა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ სამხატვრო აკადემიაში რექტორობის არჩევნები გუშინ ჩატარდა. აკადემიურმა საბჭომ რექტორად მხატვარი გია გუგუშვილი 8 ხმით აირჩია. ხოლო არჩევნებში მონაწილე მეორე კანდიდატმა ნანა იაშვილმა 2 ხმა მიიღო.