თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრმა "მუზა", საქართველოს კულტურის ფონდის გურიის ფილიალის თავმჯდომარის, ოზურგეთელი მხატვარის, ავთანდილ თავართქილაძის მე-3 პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, სადაც 62 ნახატი იყო გამოფენილი. ექსპონატების უმრავლესობას "ამაღლება" ერქვა.
ავთანდილ თავართქილაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ რელიგიურ მისტიური რომანტიული თემები იტაცებს. სწორედ ამიტომ ქვია ექსპონატების უმეტესობას "ამაღლება".
"პერსონალური გამოფენა მქონდა ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში. გადავწყვიტე გამოფენა თბილისში გამეკეთებინა. აქ ჩემი სადიპლომო ნამუშევრები და გრაფიკაა გამოფენილი.
შედარებით, რელიგიურ-მისტიურ-რომანტიული თემები მიტაცებს. ამიტომაც არის გამოფენაზე ეს თემები გაჟღერებული.
მასალას ჩემთვის მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა თემაზე ვმუშაობ. ასე რომ, თემა თვითონ მკარნახობს მასალას. 72 ნახატიდან 62 გამოვფინე. ამის იქით ნახატებს ვერ შევკვეცავდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემს ნახატებს შორიდან შევხედო. გავიგო რა მიმართულებით ვხატო და მოვიქცე.
გამოფენით კმაყოფილი ვარ. ბევრი ადამიანი შეწუხდა და მოვიდა. დღევანდელ დღეს არ არის ადვილი, მოვიდეს ხალხი და მხარი დაგიჭიროს."