დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 6 წლის წინ უგზოუკვლოდ გაუჩინარებული ხაიშის სატყეო მეურნეობის თანამშრომლის, 27 წლის დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.
შსს-მ 6 წლის წინ ცინდელიანის უგზოუკვლოდ გაუჩინარების ფაქტზე, დაადანაშაულა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავას თავისუფლების უკანონო აღკვეთის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წაუყენა და საქართველო სსსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით პასუხისგებაში მისცა.
შეგახსნებთ, რომ „გური ნიუსში“ 2013 წლის 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატაი სატაურით ცინდელიანის საქმე _ "რომან შამათავამ და "მაიმუნამ" ტვირთმობმული დათო ზღვაში გადააგდეს", სადაც ცინდელიანის მშობლები 6 წელია შვილის მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. რომან შამათავას და ვინმე "მაიმუნას" (გიორგი ჩიქოვანი) კი შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლად ასახელებენ. ოჯახი წლებია სამართალდამცავი ორგანოებისგან ითხოვს პასუხისგებაში მიეცეს და დაიკითხონ: სატყეო მეურნეობის ყოფილი უფროსი ლაშა ჭკადუა, სატყეო მეურნეობის ყოფილი უფროსის მოადგილე ბადრი მამნიაშვილი, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი სერგო უბილავა, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი დავით ქორქია, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი ვლადიმერ აბსანძე, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი გია გვარამია, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი გენო გულბანი, იმერეთის კუდ-ის ყოფილი უფროსი კოტე არჩაია, ქუთაისის სპეცრაზმის თანამშრომელი ვახტანგ წაქაძე, აფხაზეთის კონტრდაზვერვის უფროსი ალექსანდრე ჩაჩავა, სატყეო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კახა ტურავა, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის უფროსი რომან შამათავა და ვინმე "მაიმუნა" (გიორგი ჩიქოვანი). 6 წლიანი ლოდინის შემდეგ, შსს-მ დავით ცინდელიანის მშობლების ვერსია დაადასტურა და შამათავა პასუხისგებაში მისცა. მაგრამ, შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში, არსად არის ნახსენები "მაიმუნა" და არც სხვა დანარჩენი პირები. რომლების დასჯასაც ოჯახი ითხოვს.
ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „გურია ნიუსში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით, რომან შამათავას ექსკლუზიური კომენტარი ცინდელიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სადაც, ტერაქტის ბრალდებით დაკავებულ რომან შამათავასათვის კითხვის დასმა ვთხოვეთ მის ადვოკატს, გიორგი ონიანს. ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე რომან შამათავამ, ადვოკატის მეშვეობით შემდეგი პასუხი გაგვცა:
მოკლა თუ არა რომან შამათავამ დავით ცინდელიანი?
"ეს არის ისეთივე აბსურდი, ხვალ ჩვენ რომ გავიგოთ, ამერიკის მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაში ბინლადენის წინააღმდეგ, მე ვიყავი წამყვანი ფიგურა. შეგიძლიათ ეს სიტყვა სიტყვით დაწეროთ."